როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ასობით ადამიანი ცხოვრობს, საძირკველი ეცლება.
ვის ეკუთვნის მშენებლობა თბილისში, რომლის ამოჭრილი საძირკველიც ერთმა ძლიერმა წვიმამ ჩამოშალა? დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, „პირველებმა“ გაარკვია, რომ პროექტთან კავშირი აქვს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს. ბურჭულაძე და ვასილ მხეიძე ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფებიან.
ტერიტორია წლების განმავლობაში „ცენტრ პოინტს“ ეკუთვნოდა. ადგილზე კორპუსის მშენებლობა დაიწყო, თუმცა პროექტი დაუსრულებელი დარჩა. მოგვიანებით, მერიამ ტერიტორია ახალ კომპანიას გადასცა, რათა მშენებლობა დასრულებულიყო და დაზარალებული მობინადრეების საკითხი გადაჭრილიყო.
ძველი კარკასი დაანგრიეს, თუმცა ახალი მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ სამშენებლო პროექტში ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა 2024 წლიდან გამოჩნდა.
ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარედ 84 მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობაა დაგეგმილი. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ვასილ მხეიძე კომპანიაში 2024 წლის 19 დეკემბერს გამოჩნდა და 50%-იანი წილის სანაცვლოდ 1 მილიონ 600 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა. თანხის ნაწილი ვალდებულებების გაქვითვით დაიფარა, დარჩენილი ნაწილი კი 30 დღის ვადაში უნდა გადახდილიყო.
ჩნდება კითხვები, რა წარმომავლობის თანხით განხორციელდა ამ მასშტაბის ინვესტიცია. გამოძიების მასალებში ვასილ მხეიძის სახელი ფიგურირებს იმ საქმეშიც, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ტენდერებთან დაკავშირებულ სავარაუდო კორუფციულ სქემას ეხება. მოწმეების ჩვენებებით, ტენდერების მოგების შემდეგ ქრთამის სახით ნაღდი ფული კონკრეტული პირებისთვის გადაჰქონდათ.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.