მარკ რუტე: ჩემი გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის ასეთია, ნატო-ს ვერ დაამარცხებთ, ნუ გვეთამაშებით

08.07.26 11:42
მარკ რუტე: ჩემი გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის ასეთია, ნატო-ს ვერ დაამარცხებთ, ნუ გვეთამაშებით

ჩემი გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის ასეთია, ნატო-ს ვერ დაამარცხებთ, ნუ გვეთამაშებით - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ  ანკარაში ნატო-ს ლიდერების პლენარული შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. 

„ჩემი გზავნილი რუსეთისა და ვლადიმერ პუტინისთვის ასეთია: ეს არის ალიანსი, რომელიც ევროპაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ერთ მილიარდ ადამიანს აერთიანებს. ჩვენ ჩვენი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ნატო-ს ვერ დაამარცხებთ. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. არასოდეს არავის დავესხმებით თავს – მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს დემოკრატიებსა და ტერიტორიას დავიცავთ. ამიტომ ნუ გვეთამაშებით“, – განაცხადა რუტემ.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას კი რუტემ თქვა, რომ ნატო-ს მოკავშირეები დაადასტურებენ, რომ რუსეთი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს.

მარკ რუტე ამბობს, რომ ალიანსის წევრები სამიტის რეზოლუციის ტექსტს დაამტკიცებენ, რომელშიც რუსეთის მხრიდან საფრთხე იქნება დაფიქსირებული.

„ველი, რომ დღეს ყველა მოკავშირე კვლავ ერთობლივად დაადასტურებს, რომ რუსეთი ნატო-ს ტერიტორიისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს. დაველოდოთ დეკლარაციის გამოქვეყნებას, თუმცა ველი, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი გრძელვადიანი საფრთხე მასში მოხსენიებული იქნება“, - აღნიშნა რუტემ.

რუტე აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ახალ დარტყმებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დარტყმები „აბსოლუტურად აუცილებელი იყო“.