"ოცნება" ეუთოს უპირისპირდება - ივანიშვილის გუნდმა ორგანიზაცია "პოლიტიკურ შურისძიებაში" დაადანაშაულა
„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საკითხზე „გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური ჰედლაინებით“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი მტკიცებით, ორგანიზაცია არჩევნებთან, მოსკოვის მექანიზმის დასკვნებსა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საკითხებს ცალმხრივად და არაზუსტად აფასებს, რაც, მახაშვილის შეფასებით, ეუთოს სანდოობას აზიანებს.
ბატონო თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა არ არის აბსტრაქტული მონაპოვარი. ის ჩვენი რელევანტურობის საფუძველია. როცა ჩვენ ვუშვებთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები ჩამოყალიბდეს მოკლევადიანი პოლიტიკური ჰედლაინებით და არა გადამოწმებული ფაქტებით, ეს იმაზე მეტია, ვიდრე რეალობის დამახინჯება. ასე ჩვენ ძირს ვუთხრით ინსტიტუტს, რომელსაც ვემსახურებით. ეუთო ოდირს არ დაუსვკნია, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ეს ასამბლეა აპირებს გააყალბოს ოდირის ანგარიში. მოსკოვის მექანიზმს არ დაუსკვნია არაფერი ბრალდებების გარდა, მაგრამ ეს ასამბლეა აპირებს, გამოაცხადოს ის როგორც დამტკიცებული ფაქტი. საქართველოში პასუხისმგებლობა დაეკისრათ ძალადობრივ მომიტინგეებსაც და სპეცრაზმელებსაც, თუმცა ეს ასამბლეა აპირებს ამტკიცოს, რომ ისინი მშვიდობიანი მომიტინგეები იყვნენ, რომლებმაც გადაწვეს პარლამენტი და თავს დაესხნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას. დაშავდა ასობით პოლიციელი.
ასეთი გადაჭარბებული პოლიტიზება ეუთოს აქცევს შერჩევითი დღის წესრიგის და პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტად. ორმაგი სტანდარტები არ აძლიერებს ეუთოს, პირიქით, ის მას უფრო მეტად ასუსტებს. როდესაც საქართველოზე რეზოლუციები მიიღება გადაუმოწმებელ ბრალდებებსა და ცალმხრივ ინტერპრეტაციებზე დაყრდნობით, ჩვენ ვკარგავთ ნდობას მათ მიმართ, ვისაც ვხედავდით როგორც მიუკერძოებელ აქტორს და პატიოსან შუამავალს. ქვეყნები ასამბლეას ხედავენ არა როგორც საერთო პრინციპების მცველს, არამედ შერჩევითი დღის წესრიგის გამაძლიერებელს. შედეგი კი არის შემცირებული მონაწილეობა და ნაბიჯ-ნაბიჯ მარგინალიზაცია. ჩვენთვის სუსტდება ლეგიტიმაცია ორგანიზაციისა, რომლის დაცვასაც ვიჩემებთ.
ოლეგებო, ფაქტები ფაქტები და მხოლოდ ფაქტები უნდა დარჩეს ჩვენს კომპასად თუ ჩვენ გვინდა რომ ეუთომ სანდოობა შეინარჩუნოს, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
პარალელურად, განცხადებები კეთდება თბილისშიც. "ოცნების" გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე ამტკიცებს, რომ ეუთოს რეზოლუციას ფასი არ აქვს. მისი მტკიცებით, დოკუმენტი აბსლუტური ტყუილებით არის გაჯერებული, რითაც ქართულ სახელმწიფოს ესხმიან თავს.
კოლექტიური რასების და ჯო უილსონების რეზოლუციებს ერთი ევრო ცენტის თუ ერთი დოლარი, თუ ერთი ცენტის ფასიც კი არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ის არის აბსოლუტური ტყუილებით გაჯერებული. ამავდროულად, მოითხოვენ გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას. იმ კანონისა, რომელიც ჯო უილსონის სამშობლოში მოქმედებს გაცილებით უფრო მკაცრად. რომ შევაჯამოთ, ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ცდილობენ, რომ რეზოლუციებით თავს დაესხან საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, მათ დემოკრატიულ არჩევანს. ისინი თავს უფლებას აძლევენ, იფიქრონ და თქვან, მოუწოდონ საზოგადოებას პირდაპირ, რომ მათ უკეთ იციან თუ რა არის საქართველოს მომავლისთვის უკეთესი, - ამბობს გორდულაძე.
რამდენიმე საათში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჰააგის დეკლარაციას დაამტკიცებს. დოკუმენტში, სავარაუდოდ, საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული რეზოლუციებიც შევა.
რეზოლუციის პროექტი საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიების, დაკავებულების გათავისუფლებისა და რეპრესიულად შეფასებული კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დოკუმენტში გაჟღერებულ არცერთ მოწოდებას არ გაითვალისწინებს.