ეუთო-მ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო - "ოცნებამ" კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, „გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა“.
დოკუმენტში ასევე შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულ მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებს.
ამასთან რეზოლუცია, "გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, ასევე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს".
"გმობს პოლიტიკური ოპოზიციის წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებებსა და შევიწროებას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს მხარს უჭერენ" - ვკითხულობთ დოკუმენტის კიდევ ერთ ნაწილში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
- "გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ;
- გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს;
- დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს;
- დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით;უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა მათ ანგარიშსწორების შიშის გარეშე იმუშაონ".
რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.