ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს: პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია
პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია - ასე გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი "ოცნების" დელეგაციის გადაწყვეტილებას, "ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
"თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ" - უთხრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ნიკოლოზ სამხარაძეს.
„როგორც მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაშიც კი ცარიელი ადგილების დატოვება კარგი გადაწყვეტილება არ იყო, თქვენ აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა“, - მიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ნიკოლოზ სამხარაძეს.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დელაგაციამ კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა. განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა.
სამხარაძის მტკიცებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას - "ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს".
მსურს, კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით პროცედურული შენიშვნა გავაკეთო და საქართველოს დელეგაციის სახელით შემდეგი განცხადება წარმოვადგინო. იმის გამო, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს როგორც საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების, ისე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ორმაგად სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს სწორედ ჰააგაში - საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. მინდა ვთხოვო სამდივნოს, ჩვენი პოზიცია სათანადოდ აისახოს ასამბლეის სხდომის ოქმში. ასევე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ნიდერლანდების პარლამენტს გულთბილი მასპინძლობისა და ღონისძიების შესანიშნავი ორგანიზებისთვის“, - აღნიშნა სამხარაძემ.