გახარია: მაშინ, როდესაც რუსეთი ანექსიურ პროცესებს აჩქარებს, „ოცნება“ უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პლატფორმის საბოტაჟს ახდენს
მაშინ, როდესაც რუსეთი ანექსიურ პროცესებს აჩქარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, „ქართული ოცნება“ ახდენს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პლატფორმის საბოტაჟს" - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ დელეგაციის გამოსვლას დარბაზიდან.
გახარია "ოცნების" ამ ქმედებას "სამარცხვინოს" უწოდებს.
ყოფილი პრემიერის შეფასებით, ივანიშვილის გუნდს, როგორც ქვეყნის შეგნით, ისე ქვეყნის გარეთ რეპუტაცია დანგრეული აქვს.
„ქართული ოცნების“ დელეგაციის სამარცხვინო გამოსვლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჰააგაში. ვინაიდან ეუთოს საზოგადოების მოტყუება ვერ მოახერხა, „ოცნების“ დელეგაციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რაზეც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან, პერე პონსისგან სამართლიანი და შესაბამისი პასუხი მიიღო.
„ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს რეპუტაცია დანგრეული: ქვეყნის შიგნით ისინი სიმართლეს ძალადობით, ციხითა და ჯარიმებით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ კი - სამარცხვინო ისტერიით. მაშინ, როდესაც რუსეთი ანექსიურ პროცესებს აჩქარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, „ქართული ოცნება“ ახდენს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პლატფორმის საბოტაჟს, ნაცვლად იმისა, რომ იგი ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს. ეს არის მძიმე, პირდაპირი დარტყმა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სასიცოცხლო ინტერესებზე".- წერს გახარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.