"კანონები რეპრესიულია, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ, არჩევნები საჭიროებს გამოძიებას"- ეუთომ რეზოლუცია დაამტკიცა

08.07.26 20:03
"კანონები რეპრესიულია, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ, არჩევნები საჭიროებს გამოძიებას"- ეუთომ რეზოლუცია დაამტკიცა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას "ქართულმა ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა და კენჭისყრამდე დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ივანიშვილის პარტიის წევრებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ კრიტიკული პუნქტები დეკლარაციიდან გამქრალიყო. სამდღიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. "ოცნებამ" ეს იგრძნო და დარბაზი კენჭისყრამდე დატოვა.

ოცნების დელეგაციას, რომელიც პარტნიორებს სამი დღე დემოკრატიულობას უმტკიცდებდა, საპირისპირო ქცევაზე ადგილზევე მიანიშნეს. სანამ დარბაზის კარს მიუახლოვდებოდნენ უთხრეს, რომ ცარიელი ადგილის დატოვება დემოკრატია არაა.

ჰააგის დეკლარაცია საბოლოოდ დამტკიცებულია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 57 სახელმწიფო თანხმდება, რომ საქართველოს ანტიდემოკრატიული მთავრობა მართავს, ქვეყანაში კი ადამიანის უფლებები ირღვევა. "გაათავისუფლეთ თვითნებურად დაკავებული ადამიანები, გააუქმეთ რეპრესიული კანონები, გამოიძიეთ ჩატარებული არჩევნები" - 100 გვერდიან დოკუმენტში მხოლოდ პრეამბულა ახსენებს საქართველოს 8- ჯერ.

"ოცნებას" არცერთ პრობლემაზე პასუხი არ აქვს. პირიქით, ივანიშვილის პარტია დოკუმენტს პოლიტიკურად მიკერძოებულად, საკუთარ თავს კი უსამართლობის მსხვერპლად წარმოაჩენს. ასამბლეის სხდომაზე ლევან მახაშვილი ბოლო შანსებს იყენებდა და დასამტკიცებელი დოკუმენტის გაუფასურებას ცდილობდა. აკრიტიკებს ორგანიზაციასაც.

ჰააგის დეკლარაციაზე მხარდაჭერით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მკაფიოდ მიჯნავს ხალხს და მთავრობას - ამბობს, რომ ქვეყანაში ოპოზიცია, მედია და სამოქალაქო სექტორი რეპრესიების ქვეშაა,  პასუხისმგებლობა კი "ქართულ ოცნებაზეა". დოკუმენტი ეყრდნობა საერთაშორისო მისიებს, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის და გადაწყვეტილებებს, რომლებიც ოცნებამ განსხვავებული აზრის ჩასახშობად მიიღო. დასკვნა მკაფიოა - ხელისუფლება დასავლეთისთვის არასანდო პარტნიორია.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.