"საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან" - კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებას ეხმაურება

11.07.26 10:32
"საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან" - კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებას ეხმაურება

შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან - ასე ეხმაურება კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებას.

თბილისის მერი დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ საგამოძიებო უწყებების მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა სახელმწიფო გადატრიალების დანაშაული აღკვეთა.

„შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ვიხილეთ რიგი პროცესები - როგორ იგეგმებოდა, რამდენიმე თვე კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, ამბობდნენ, რომ რევოლუციისთვის ემზადებოდნენ. 4 ოქტომბერს მისი აღსრულება დაიწყეს. შესაბამისმა უწყებებმა გაატარეს პრევენციული ღონისძიებები. ვიხილეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა აღკვეთეს აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სუს-ში თქვეს, რომ „ბოლო 4 დღის განმავლობაში“ ამზადებდნენ ოპერაციას, რის შედეგადაც „ძებნილი მოქალაქე“ დააკავეს. დაკავებული ბექა ჭულუხაძეა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.

დაკავებულს ბრალად ედება 4 ოქტომბრის მოვლენების პარალელურად, - რასაც ხელისუფლება გადატრიალების მცდელობად აფასებს, - „დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა“.

მსგავსი სიახლეები