კობახიძემ არ გამორიცხა, რომ შემდეგ არჩევნებზე ეუთო აღარ მოიწვიონ

13.07.26 12:50
კობახიძემ არ გამორიცხა, რომ  შემდეგ არჩევნებზე ეუთო აღარ მოიწვიონ

ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ მომდევნო არჩევნებზე დასაკვირვებლად "ქართულმა ოცნებამ" ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიოს - შესაბამისი განცხადება "ოცნების" ლიდერმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

დღეს ამაზე [ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოწვევაზე] ვერაფერს გეტყვით, არჩევნებამდე შორია. არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს და გადაწყვეტილება მისიების მოწვევასთან დაკავშირებით, მიიღება ხოლმე საარცევნო წლის დასაწყისში. აქიდან გამომდინარე, ყველას გირჩევთ, დაელოდოთ 2028 წელს, როცა მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება...

ჩვენ არავისთან კონფლიქტი არ გვაქვს, ეუთო/ოდირმა წინა არჩევნები აღიარა, გამოაცხადა შემდგარად - კონკურენტულად,  ამის მიუხედავად, სხვები დაუპირისპრდნენ ეუთო-ოდირს, მათ შორის იყო ადგილობრივი აგენტურა, ე.წ. ოპოზიცია და ასევე იყვნენ მათი გარე პატრონები. 

რაც შეეხება 2028 წელს, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ უნდა დაველოდით 2028 წელს გამომდინარე იქიდან, რომ მისიების მოწვევასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ საარჩევნო წელს"- თქვა კობახიძემ. 

"პირველების" დამაზუსტებელ შეკითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა, რომ დამკვირვებლები არ მოიწვიონ, "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა: "რადგან გადაწყვეტილება მიიღება 2028 წელს, ეს გადაწყვეტილება შესაბამისად შეიძლება იყოს ასეთიც და ისეთიც, ბუნებრივია ვერაფერს გამოვრიცხავ". 

მანამდე კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და თქვა, რომ "ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა". 

ეჭვი, რომ "ქართული ოცნება" ეუთო/ოდირთან კავშირის გაწყვეტას გეგმავს, კახა კალაძის მიერ წინა კვირას გაკეთებულმა განცხადებამ გააჩინა. 

კახა კალაძემ თქვა, რომ : "როგორ უნდა მოიწვიო ასეთი ორგანიზაცია, რომ შეგიფასოს არჩევნები"

შეგახსენებთ,  8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში ასევე მოთხოვნილია შემზღუდავი კანონების გაუქმება.

ასამბლეა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ ცნოს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

სესიას "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ასამბლეის სამუშაო პროცესი პროტესტის ნიშნით დატოვეს.