"ოცნება" კაია კალასის წინააღმდეგ - ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი მაკა ბოჭორიშვილმაც გააკეთა

13.07.26 16:34
"ოცნება" კაია კალასის წინააღმდეგ - ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი მაკა ბოჭორიშვილმაც გააკეთა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პოზიციას "სამწუხაოს" უწოდებს. მისი თქმით, პარტნიორობა დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს, ხოლო ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის უგულებელყოფა მიუღებელია.

"ქართული ოცნების" ლიდერების გაბრაზება კალასის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რეალურად არ აქვთ კავშირი საქართველოს მთავრობასთან. 

რა კომენტარი გაკეთდა საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან?  

სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს.

ნამდვილი პარტნიორობის საფუძველი დიალოგია და არა ურთიერთობისგან დისტანცირება. საქართველო კვლავაც ერთგულია ევროკავშირთან პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისათვის.

თუმცა, ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია. დემოკრატია ნიშნავს ამომრჩეველთა გადაწყვეტილების პატივისცემას - არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურად ხელსაყრელია, - განაცხადა ბოჭორიშვილმა. 

კაია კალასის განცხადებას "ანტიდემოკრტიულს" უწოდებს შალვა პაპუაშვილიც. 

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ფორმულას იყენებს: „მხარს უჭერს ქართველ ხალს, მაგრამ მხარს არ უჭერს მის ხელისუფლებას“, არ აღიარებს დემოკრატიას და არის ანტიდემოკრატი. შესაბამისად, კაია კალასის ეს განცხადება ანტიდემოკრატიულია. ასევე, ეს ადამიანი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, რომ ქართველმა ხალხმა თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. მესამე - ასეთ ადამიანს ქართველი ხალხი მიაჩნია უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარიც არ აქვს, რო საკუთარი ხელისუფლება თავად შეარჩიოს. დიახ, კაია კალასის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ ქალბატონ კალასს ქართველი ხალხი მივაჩნივართ უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარი არ გვაქვს, რომ ხელისუფლება შევარჩიოთ და კალასის მეურვეობა გვჭირდება, ხელით უნდა გვატაროს ესტონეთის ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა საქართველო. ის ამ დონეზე ხედავს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობას, რომ ხელით უნდა ატაროს, ჭკუა გვასწავლოს და გვიკარნახოს, რა არის ჩვენთვის კარგი და რა არა. ეს სირცხვილია! ეს არის ყველაზე სამარცხვინო განცხადება, რაც პირდაპირ ხაზს უსვამს, თუ რამდენად აცდენილია ქალბატონი კალასი არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ წარმოდგენა არ აქვს საერთოდ დემოკრატია რას ნიშნავს. დიდი საფრთხეა, როდესაც ევროკავშირს საგარეო ურთიერთობაში დღეს წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც ანტიდემოკრატიული აზროვნება აქვს.

სწორედ ამის გამოა, რომ მას ამერიკის სახელმწიფო მდივანი არც კი ხვდება, არც რთავენ საერთაშორისო მნიშვნელობის დიალოგში. ასევე ამის გამოა, რომ ბოლო პერიოდში დაგეგმილია ამ უწყების რეფორმა და გადაკეთება, ვინაიდან ქალბატონი კალასის დამსახურებაა იმაში, რომ ასეთი თავქარიანი საგარეო პოლიტიკა აქვს დღეს ევროკავშირს. ეს არის სამარცხვინო განცხადება - ჩვენ ყოველთვის ვიკავებთ თავს კრიტიკული კომენტარებისგან, იქნება თავდასხმა ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ქართველ ხალხზე? - იქნება ადეკვატური პასუხი ნებისმიერ ასეთ თავდასხმაზე!“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კაია კალასი დღეს ირაკლი კობახიძემაც გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი განცხადება  „სამარცხვინო დამოკიდებულებაა“.  მისი მტკიცებით, კალასი არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების არარსებობის გამო, აქცენტს ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე აკეთებს.

როგორც კალასმა „ევროსკოპთან“ საუბრისას აღნიშნა, ბრიუსელში ასევე იმსჯელეს, როგორ შეიძლება ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეებს, რათა მათ „ევროპის იმედი არ დაკარგონ“.

მისივე თქმით, ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან კავშირები პრაქტიკულად აღარ აქვს და არ სურს ხელისუფლების მხარდაჭერა, თუმცა განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერის გზების ძიებას.

მსგავსი სიახლეები