"მკვლელი შადრევნის" საქმე - ოპოზიცია კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

16.07.26 18:28
"მკვლელი შადრევნის" საქმე - ოპოზიცია კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

"მკვლელი შადრევნის" საქმე - ოპოზიცია კომპანია "გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ეხმაურება. 

"ყველაფერი ისე გრძელდება თითქოს არაფერი მომხდარა" - ამბობს "პირველებთან" საბა ბუაძე და კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. 

ბუაძის თქმით, ამავე საქმეზე დაკავებული თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მაშინდელი უფროსი, გიგა გიგაშვილიც ასევე ვადაზე ადრე გათავისუფლდა პატიმრობიდან, შემდეგ კი "თბილისის მერიასთან ერთად გააგრძელა კორუფციული საქმიანობა".

  • ცნობისთვის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მაშინდელი უფროსი გიგა გიგაშვილი, რომელიც მკვლელი შადრევანის საქმეზე დააკავეს, პატიმრობა მალევე შინაპატიმრობით შეუცვალეს. საპატიმროს დატოვების შემდეგ კი გაირკვა რომ გიგაშვილმა შეიძინა ნახევარმილიონიანი უძრავი ქონება და დააარსა კომპანია, რომელიც იყო შუამავალი მერიასა და სხვა კომპანიებს შორის. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, კახა კალაძე ისევ იმ ხალხს ამდიდრებს, ვისაც "თბილისელების გაუბედურებაში" მიუძღვით ბრალი. 

გიგა გიგაშვილი, რომელიც დაკავებული იყო, მალე გამოვიდა ასევე ვადაზე ადრე და გააგრძელა დანაშაულებრივი და კორუფციული საქმიანობა თბილისის მერიასთან ერთად და აღმოაჩნდა კორუფციული გზით მოპოვებული ქონება. "გრინსერვის ჯგუფს" აღმოაჩნდა თბილისის მერიისგან ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი და ამ კომპანიის ყოფილი დირექტორი , რომელიც დაკავებული იყო, ახლა შევიტყვეთ, რომ გათავისუფლდა ვადაზე ადრე და გრძელდება ყველაფერი ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს მაშინ, როდესაც ამ მძიმე ტრაგედიას ძალიან კარგად უნდა დაეფიქრებინა თბილისის მერიაში ყველა ადამიანი და პირველ რიგში კალაძე და ამ ყველაფერს უნდა მოჰყოლოდა სისტემური ცვლილებები. მაგრამ როდესაც ეს ადამიანი თანამდებობას იყენებს პირადი გამდიდრებისათვის, მის ირგვლივაც ასეთი სისტემა და იერარქია არის ჩამოყალიბებული, სადაც მისი თანამდებობის პირები და მათ მიერ კომპანიებთან გაფორმებული ტენდერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ისევ ისევ გაამდიდროს ის ხალხი, ვინც თბილისელების გაუბედურების ხარჯზე მდიდრდება და თანაც სასჯელსაც არ იხდის სრულფასოვნად იმ ძალიან მძიმე ფაქტებიდან გამომდინარე, რომელიც მათი პასუხისმგებლობის შედეგად დგება", - აცხადებს საბა ბუაძე. 

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ის, რაც 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალდა, რამაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთლიანად მერიის და პირადად კახა კალაძის პასუხისმგებლობაზეა. 

"სანამ მთავარი დამნაშავეები არ დაისჯებიან, რა თქმა უნდა, სამართალი ამ საქმეზე ვერ აღდგება" - აცხადებს შარაშიძე. 

ვაკის პარკის ტრაგედიას ჰყავს მთავარი დამნაშავე და ეს მტავარი დამნაშავე არის თბილისის მერია, თბილისის მერი და თბილისისი მერიის მაღალჩინოსნები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელნი ამ ობიექტის გახსნაზე, ხალხის მიპატიჟებაზე და ა.შ. შესაბამისად, პასუხისმგებლობის გადატანა ერთის მხრივ, მხოლოდ შემსრულებელ კომპანიაზე, ვისი ხელმძღვანელიც ახლა ვნახეთ, რომ თურმე ვადაზე ადრე გამოუშვეს, ან მერიის შედარებით დაბალი რგოლის მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა არ არის სამართლიანი.  სანამ მთავარი დამნაშავეები არ დაისჯებიან, რა თქმა უნდა, სამართალი ამ საქმეზე ვერ აღდგება", - აცხადებს გიორგი შარაშიძე. 

კახა კალაძეს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ "ლელო- ძლიერ საქართველოშიც" - ლანა გალდავა ამბობს, რომ სწორედ კალაძემ გახსნა ნაადრევად, საკუთარი პიარისთვის დაუსრულებელი და გაუმართავი ვაკის პარკის შადრევანი.  

მაშინ, როდესაც ზებრა გადასასვლელზე და ტროტუარზე ადამიანი კვდება, მაშინ როცა სამშენებლიო სამუშაოების დროს მუშები ცვივიან იმის გამო, რომ სამშენებლო უსაფრთხოება დაცული არ არის და კვდები ქალაქში, ეს არის პასუხისმგებლობა მერიის და მერიის სამსახურების. ის ტრაგედია რაც მოხდა, იყო აბსოლუტურად გაუკონტროლებელი მშენებლობა და ეს ტრაგედია იყო სწორედ გამოწვეული პრ-ღონისძიებაზე გათვლით, წინა დღით დასურულებელი პროექტის ჩაბარებით", - ამბობს ლანა გალდავა. 

დრეს "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. "კომპანია "გრინსერვისი+“-ის უკვე ყოფილმა დირექტორმა საპატიმრო გუშინ დატოვა.

ლაშა ფურცხვანიძე, რომელსაც ექვს წლიანი პატიმრობა 2023 წლის 10 ივლისს შეეფარდა, "პირველებს" ეუბნება, რომ საპატიმროდან ელექტრონული სამაჯურით გამოუშვეს. ფურცხვანიძის განმარტებით, ვადაზე ადრე ციხიდან უდოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. 

"გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავებოდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე მას ბრალი ჰქონდა წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები