კალაძე ამტკიცებს, რომ 1 ლარად გასხვისებული სასტუმრო “საქართველოს“ შესახებ არაფერი სმენია
კახი კალაძე ამტკიცებს, რომ არაფერი სმენია და არაფერი გაუგია ერთ ლარად გასხვისებული სასტუმრო “საქართველოს“ შესახებ.
თბილისის მერი ამბობს, რომ შენობა კერძო საკუთრება იყო და სხვა ინფორმაცია არ სმენია.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა კალაძეს სტუდია “მონიტორის“ გამოძიების შესახებ დოკუმენტები აჩვენა, ის “მონიტორს“ დაესხა თავს და ტყუილის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
ვისი კვლევაა ეს, მონიტორი შემჩნეულია ძალიან ბევრჯერ სიცრუეში, თაღლითობაში და გამოჭერილი გვყავს ძალიან ბევრჯერ ტყუილში, ამიტომ, თქვენც რომ არ მოგატყუოთ, არ ენდოთ, - უთხრა ჟურნალისტს კალაძემ.
სტუდია “მონიტორმა“ გამოძიება ჩაატარა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიიღო 3237.3 კვ.მ მიწის ფართობი თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე 1 ლარად.
გამოძიებამ აჩვენა, თუ როგორ გაიცემა სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად და როგორ იცვლება კანონი, როდესაც ეს სჭირდება “ქართული ოცნების“ ან მასთან დაახლოებული ბიზნესმენების ინტერესებს.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს, როგორ გადაიყიდა სასტუმრო “საქართველო“ ორჯერ უფრო ძვირად, რომელიც “ქართუ“ ბანკის“ იპოთეკით იყო დატვირთული, ვიდრე წინა მფლობელმა კომპანიამ იყიდა.
- საქმე ის არის, რომ 2025 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ გამოსცა დადგენილება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ”, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული წინაპირობების გარეშე დაუშვებელი გახდა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ვინმესთვის გადაცემა.
- ირაკლი კობახიძემ, რომელიც თავად მოიხსენიებდა სიმბოლურ ფასად პრივატიზაციის პრაქტიკას მანკიერად, 2026 წლის 26 მარტს დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის საფუძველზეც 27 მარტს, გამოსცა განკარგულება, რომლითაც შპს საქართველო 2030-ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზირის №12-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობიდან 3237.3 კვ/მ ფართი.
სტუდია “მონიტორის“ გამოძიებიდან ირკვევა, რომ სასტუმრო “საქართველოს” შენობა შპს “საქართველო 2030”-მა 18 მლნ დოლარად იყიდა 2024 წლის ბოლოს “ქართუ ბანკიდან” ისე, რომ იპოთეკარად იგივე “ქართუ ბანკი” რჩებოდა. მთავრობის დადგენილებისა და პრემიერის განკარგულების შედეგად კი, შპს “საქართველო 2030”-მა 3237.3 კვ.მ ფართი დაიმატა 1 ლარად სახელმწიფოსგან, შემდეგ კი მთელი ეს ქონება 33 040 000 ევროდ [დღგ-ს ჩათვლით] გაყიდა.
- შპს “საქართველო 2030”-ის 50% სს “ფინვესტ საქართველოს” ეკუთვნის, 30% – შპს “ბლოქ სთოუნ კაპიტალს”, 20% კი – შპს “ბლოქ სთოუნ ჯგუფს”. “ბლოქ სთოუნ კაპიტალი” [ყოფილი “რემიქს ჯგუფი”] ბიზნესმენ ლაშა კვაჭაძეს ეკუთვნის, “ბლოქ სთოუნ ჯგუფი” კი [ყოფილი “ბლოიქსი”] მის ცოლს – მზია გიგაურს. გასულ წელს სწორედ მზია გიგაურმა აჩუქა მის მიერ დაფუძნებულ კომპანია “ვისიონარიში” 30-30% წილები თბილისის მერის – კახა კალაძის ცოლს, ანა არეშიძესა და პარლამენტარ გიორგი ბარვენაშვილის ცოლს, მაია მაისაძეს.