აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა
აშშ-ს საელჩოს განცადებას "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს. მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ამერიკის საელჩოს შესაბამის პასუხს, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს.
მისივე თქმით, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა კონკრეტულად უნდა თქვან, რატომ [არიან შეშფოთებული], რადგან შარმანაშვილის თქმით, საქართველოში კანონმდებლობა კრძალავს ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას.
შარმანაშვილის თქმით, თუ აშშ-ის საელჩოს ამ საკითხის ირგვლივ კითხვები აქვს, მას საქართველოს საგარეო უწყება პასუხს გასცემს.
- რადიო თავისუფლების კითხვის საპასუხოდ აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამო“.
„ამერიკის საელჩოს შესაბამის პასუხს, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს, რადგან ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და მსგავსი კანონმდებლობა მარტო საქართველოში კი არა, ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს. ასე რომ, თუ მათ ეს კითხვა აქვთ, დარწმუნებული ვარ, საგარეო უწყება უპასუხებს.
მაშინ კონკრეტულად უნდა თქვან, რატომ [არიან შეშფოთებული]. მაგალითად, გერმანიის სასამართლო პრაქტიკა სხვანაირად იქცევა? როდესაც მერცის მიმართ გამოყენებული გამონათქვამების გამო ადამიანი დააჯარიმეს - პირდაპირი გინებაც არ ყოფილა - გერმანულმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება.
მაშინ უნდა ითქვას, ეს სასამართლო პრაქტიკა სად არის სწორი. განმარტება იმისა, რომ ევროპელებს შეუძლიათ ამის გაკეთება, ხოლო საქართველოს - არა, ჩვენთვის მიუღებელი და არასწორია. თუ განმარტავენ, რომ ბრიტანული თუ გერმანული სასამართლოების პრაქტიკა არასწორია, მაშინ ჩვენც გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს. მაგრამ თუ იტყვიან, რომ მათ შეუძლიათ და ქართველებს - არა, ეს არის დისკრიმინაცია, სეგრეგაცია და არასწორი მიდგომაა“, - განმარტა შარმანაშვილმა.
კითხვაზე, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას, შეურაცხყოფასა და სიძულვილის ენას შორის, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე, ამ ზღვრის დადგენა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.
აშშ-ს საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლების შეკითხვების პასუხად გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერს, რომ შეშფოთებულები არიან "საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო".
"ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად"- წერია გამოცემისთვის გაგზავნილ კომენტარში.