6 მილიარდიანი არაბული ინვესტიცია - დაპირება თუ ბლეფი?

29.07.26 17:41
6 მილიარდიანი არაბული ინვესტიცია - დაპირება თუ ბლეფი?

არაბული ინვესტიციის დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ 6-მილიარდიან პროექტად წარადგინა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის შეფასებით, ამ დრომდე რეალურ შედეგებში არ ასახულა. ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე ამბობს, რომ იმ პერიოდში, როდესაც დასავლური დახმარებები და ინვესტიციები შემცირდა, ხელისუფლებამ ალტერნატივად სწორედ არაბული ინვესტიცია წარადგინა, თუმცა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, არაბეთის ქვეყნებიდან საქართველოში მხოლოდ 27.3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც საერთო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 1.6%-ს შეადგენს.

ევგენიძის თქმით, დანარჩენი ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მალტიდან და ნიდერლანდებიდან მოდის, რაც, მისი განცხადებით, დამატებით კითხვებს აჩენს, რადგან წინა წლების ტენდენციის მსგავსად, საუბარია იმ ქვეყნებზე, სადაც ოფშორული კომპანიები აქტიურად არიან წარმოდგენილი. მისი თქმით, პროექტის შესახებ ინფორმაციის გაუმჭვირვალობა და დეტალების არარსებობა აძლიერებს ეჭვებს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული 6-მილიარდიანი არაბული ინვესტიცია რეალურად არ განხორციელებულა.

ბლეფი სწორედ იმიტომაც არის, რომ ის დაპირებული და გაცხადებული, მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ ეს რაღაც საინვესტიციო ინიციატივა სწორედ იმ დროს წამოიწყო, როდესაც ევროკავშირის და სხვა დასავლური ქვეყნების დახმარებები და ინვესტიციები შემცირდა ამ ქვეყანაში და თუ დავაკვირდებით ტენდენციას, ჯერჯერობით არაბეთის ქვეყნებიდან შემოსულია დაახლოებით 27.3 მლნ დოლარი, რომლის წილი საერთო უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 1. 6%-დან მერყეობს. დარჩენილი ის 17% საერთო ინვესტიცისების ჭრილში თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ არის ძირითადად განხორციელებული მალტა და ნიდერლანდებიდან და ესეც  ასევე ყურადსაღებია იმ კუთხით, რომ ეს ის ქვეყნებია, სადაც ძალიან დიდი წილი მოდის ოფშორული კომპანიების და სავარაუდოდ, ეს კომპანიებიც, იმიტომ, რომ წინა გასული წლების ტენდენცია ამგვარი იყო, რომ 65% ქვეყანაშ განხორციელებული ინვესტიციებისა, სწორედ ოფშორული კომპანიების და ბიძნა ივანიშილის სახელთან იყო დაკავშირებული და რა თქმა უნდა, უფრო მეტი გამჭვირვალობა ამას ყველაფერს ნათელს მოჰფენდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ გამჭვირვალობის არანაირი ელემენტები ამ მიმართულებით არ შეინიშნება და ამიტომაც გვაფიქრებინებს ეს, რომ რაღაც მართლა გაცხადებულ ბლეფთან გვაქვს საქმე, - ამბობს ნინო ევგენიძე.

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული პროექტი თავიდანვე არარეალისტური იყო. მისი შეფასებით, ყველაზე დიდ რისკს ამ შეთანხმებაში სწორედ სახელმწიფო იღებს. 

ჩემი აზრით, თავის დროზეც ვფიქრობდი, რომ ეს იყო დიდი ავანტიურისტული სქემა, რომელსაც არ უწერია განხორციელება. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი რისკის ამღები, სამწუხაროდ, არის საქართველოს სახელმწიფო, რომელმაც დიდი რაოდენობით, მასშტაბის მიწები გადასცა უშუალოდ საკუთრებაში ამ კომპანიას და არ უნდა მოვტყუვდეთ, როცა გვესმის, რომ რაღაც ტიპის არქიტექტურულ სამუშაოებს ახორციელებს ეს კონსორციუმი, მინიმალურ თანხებზეა საუბარი. თუ დაიწყო მშენებლობები და შემდეგ ამ კომპანიამ აიღო კრედიტები მშენებლობის დასაწყებად და შემდეგ ვერ მოახდინა ამ კრედიტების დაფარვა, პასუხს ისევ საქართველოს სახელმწიფო აგებს თავისი მიწებით და ტავისი გარანტიებით, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

 

განსხვავებული აქცენტი აქვს ეკონომისტ პაატა ბაირახტარს. მისი თქმით, 6 მილიარდ დოლარზე, როგორც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე, თავიდანვე არ ყოფილა საუბარი და ეს არასწორი მოლოდინი იყო.

 

თავიდანვე ნათელი იყო, რომ აქ არანაირ 6 მლრდ-ზე საუბარი არ იყო, აქ იყო რაღაც ტიპის ინვესტიციაზე საუბარი და საერთოდ ჯამში, შემდგომში უკვე ამ კომპლექსში გაყიდული ბინებიდან მიღებული შემოსავლით მოხდებოდა ამ კომპლექსის აშენება და საერთო ჯამში, შესაძლებელია, ეს კომპლექსის ღირებულება შეიძლეობოდა ყოფილიყო 6 მლრდ-ი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ 6 მლრდ-ს უცხოელი შემოიტანდა და სრულად საგარეო ინვესტიცია იქნებოდა. ეს თავიდანვე ნათელი იყო, - ამბობს პაატა ბაირახტარი. 

მსგავსი სიახლეები