კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზურაბ ფარჯიანი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება - საქმე ეხება "ქართული ოცნების" ლიდერის კომენტარს, სადაც კობახიძემ თქვა, რომ "გეორგიევსკის ტრაქტატმა" ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- დაწერა დიპლომატმა.
"არ მეგონა ამის ახსნა თუ მომიწევდა - ჯერ გეორგიევსკის ტრაქტატზე ძალიან მოკლედ.
1783 წელს დაიდო ტრაქტატი და უკვე 1785 წელს ომარ ხანმა დაღესტნიდან წამოსული 20 000-იანი ლაშქრით ააოხრა ქართლ-კახეთი. რუსეთი არ დახმარებია ერეკლეს.
1795 წელი აღა მაჰმად ხანი და კრწანისის ბრძოლა. თბილისის აოხრება.
რუსეთი ისევ არ დაეხმარა ერეკლეს.
არადა ამ ორივე ლაშქრობის მიზანი სწორედ "გეორგიევსკის ტრაქტატის" გამო ქართლ-კახეთის სამეფოს დასჯა იყო.
1801 წელი - რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ანექსია.
არადა, ტრაქტატის მეექვსე მუხლის თანახმად, რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო სამეფოს შიდა საქმეებში — არც საეკლესიოში და სასამართლოში
1811 წელი - უქმდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, რაც იქამდე არასოდეს, არც ერთი დამპყრობლის დროს არ მომხდარა.
ისტორიის დამახინჯებას რომ თავი დავანებოთ - სხვა კითხვა მაქვს:
"ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!
ეს არაა საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფა?!
ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ერეკლე მეორის სიცოცხლეში ტრაქტატის პირობები სრულდებოდა და რომ ამ ხელშეკრულებამ ქვეყანა გადაარჩინა 20 წლის განმავლობაში.