პრორუსები კობახიძეს აქებენ
პრორუსი ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ ირაკლი კობახიძე გეორგიევსკის ტრაქტატზე გაკეთებული განცხადების გამო შეაქო.
“მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებას გიორგიევსკის ტრაქტატის ისტორიულ როლზე.
მიხარია, რომ დღეს ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ რეალობას აცნობიერებს, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ხმამაღლა ვსაუბრობდი.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ, თელავში, მეფე ერეკლე მეორეს ძეგლთან, ჩვენმა პარტიამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება „ახალი გიორგიევსკის ტრაქტატი“. მაშინ ჩვენი საზოგადოების ლიბერალურმა ნაწილმა ეს განცხადება ზედაპირულად და პირდაპირი მნიშვნელობით მიიღო, რამაც მათი მხრიდან ჩვეული, ვიწროპოლიტიკური კრიტიკა გამოიწვია.
თუმცა, რეალურად ეს იყო პირობითი დასახელება. მე მხედველობაში მქონდა და დღესაც ვგულისხმობ სრულიად ახალ, ყოვლისმომცველ და რაც მთავარია — თანასწორუფლებიან ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის რეალური გარანტიებისთვის.
ეს პოზიცია მე მოგვიანებით საერთაშორისო ასპარეზზეც, სააგენტო TASS-თან ბრიფინგზე დავაფიქსირე. დრომ აჩვენა, რომ ჩვენი ხედვა იყო წინმსწრები და ერთადერთი სწორი გზა ქვეყნის გადასარჩენად. მოხარული ვარ, რომ დღეს ეს სიმართლე სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება აშკარა”, – წერს ფიფია.
ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ერეკლე მეორის სიცოცხლეში ტრაქტატის პირობები სრულდებოდა და რომ ამ ხელშეკრულებამ ქვეყანა გადაარჩინა 20 წლის განმავლობაში.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი