ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე გახარიას პარტიამ კობახიძეს შეკითხვებით მიმართა
„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანის საკითხზე, სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.
ექსპრემიერის პარტია მოითხოვს, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალები გასაჯაროვდეს.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატმა კობახიძეს 6 შეკითხვა გაუგზავნა:
„2026 წლის 12 აგვისტოს, თქვენი განცხადების თანახმად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონკრეტულმა ბიზნესსუბიექტებმა ნავთობპროდუქტები შეიტანეს.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელიც საჭიროებს სპეციალურ თანხმობას.
მოგმართავთ პარლამენტის წევრის კითხვით შემდეგი ინფორმაციის მიღების მიზნით:
- ა) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანხმობის ასლი;
- ბ) ბიზნესსუბიქტების ჩამონათვალი, რომლებმაც აღნიშნული საქონლის მიწოდება განახორციელეს;
- გ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი კონკრეტული მიზანი და კანონისმიერი საფუძველი, რის გამოც აღნიშნული თანხმობა გაიცა;
- დ) მიწოდებული საქონლის რაოდენობა, მიწოდების პერიოდი და საქონლის საბოლოო დანიშნულება;
- ე) რა მარშრუტისა და პროცედურების გავლით შევიდა აღნიშნული საქონელი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
- ვ) არსებობს თუ არა რაიმე სახის მომართვა/თხოვნა საქართველოს მთავრობისადმი აღნიშნული საქონლის მიწოდებაზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში მოგვაწოდეთ ამ მომართვის ასლი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
12 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა, თუმცა მისივე თქმით, საწვავი ბიზნესმა შეიტანა და ეს მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ჩარჩოს ფარგლებში.
„სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა.