კობახიძე ირწმუნება, რომ ღარიბაშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოება "თავიდან ბოლომდე დაცულია"
პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია. ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისთვის ექსპრემიერის განცხადება გაუგებარია, რადგან ვერ წარმოუდგენია, რა რისკებზე შეიძლება იყოს საუბარი.
დაცულია, იყოს კი არა - დაცულია. მე გარანტიას ვიძლევი, რომ მისი უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ არის ჩემთვის გაუგებარია ეს წერილი, რაც გუშინ გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, როგორც მისი, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ოჯახის უსაფრთხოება რატომ უნდა იდგეს რისკის ქვეშ? თეორიულადაც კი ვერ წარმომიდგენია, რა რისკი შეიძლება, არსებობდეს.
ირაკლი კობახიძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ღრაიბაშილთან მიმართებაში რაიმე ახალ ბრალს ჰქონდეს ადგილი, თუმცა ამბობს, რომ დაზუსტებით არც ამის თქმა შეუძლია.
თუ რაიმე ახალი ბრალი იქნება წაყენებული კონკრეტული პირისთვის, ეს გამჭვირვალეა და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ, ვერაფერი დაიმალება. მე ამ ეტაპზე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს. მე შეგნებულად ჭარბად არ ვინტერესდები ხოლმე ამ საკითხებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა არსებითად საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ.
კითხვაზე, გუშინ დროის რა მონაკვეთში ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან საუბარი და შეეხებოდა თუ არა ეს საუბარი ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერი ასე პასუხოსბ:
შეიძლება მაგის მერე არ გვქონია კომუნიკაცია, შეიძლება მანამდე იყო ეს კომუნიკაცია, 5-ის მერე, სავარაუდოდ არ მისაუბრია.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.