"თეთრ სახლსაც შეიძლება ვიღაცამ მიაწოდოს, შეგნებულად არასწორი ინფორმაცია" - კობახიძის პასუხი The Great Transshipment Scam-ზე
"თეთრ სახლსაც შეიძლება ვიღაცამ მიაწოდოს, შეგნებულად არასწორი ინფორმაცია" - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩინეთს ამერიკული ტარიფებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.
კობახიძე თეთრი სახლისგან კონკრეტულ ფაქტებს ითხოვს და ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს "იმისთვის, რომ არავითარი სქემა ქვეყანაში არ არსებობდეს".
არამგონია, რომ რაიმე კონკრეტული ფაქტი არსებობდეს, ასეთიო ზოგადი განცხადებები ბევრი მოგვისმენია, ჩვენ ვითხოვთ ხოლმე ფაქტებს, მერე ფაქტებს ვერ გვაწვდიან. ძალიან ხშირად დაუწერია სხვადასხვა მხარეს ფაქტებზე დაუფუძნებლად ბევრი რამ, აქედან გამომდინარე ასეთ დასკვნებს ნუ გააკეთებთ, შეიძლება ფაქტებზე დაფუძნებით დაწეროს რაღაცა, შეიძლება არ დაწეროს ფაქტებზე დაფუძნებით. თეთრ სახლსაც შეიძლება ვიღაცამ მიაწოდოს, შეგნებულად არასწორი ინფორმაცია, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი ინფორმაცია ქვეყნდება, ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს და შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან ხოლმე, ეს არის სტანდარტული მოცემულობა.
ფაქტი მოგვაწოდონ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არავითარი სქემა ქვეყანაში არ არსებობდეს. ფაქტი თუ იქნება, რეაგირებაც გვექნება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის The Great Transshipment Scam-ის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩინეთს ამერიკული ტარიფებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.
ანგარიშის თანახმად სქემა ასეთია - ჩინურ საქონელს, რომელსაც ამერიკა მაღალ ტარიფებს უწესებს, ჯერ სხვა ქვეყნებში ყიდიან, შემდეგ კი წარმომავლობას უცვლიან და ამერიკაში ისე შეაქვთ. სწორედ ამ „მესამე ქვეყნების“ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც.