გივი თარგამაძე ამბობს, რომ შეესწრო, როგორ დაარბიეს გუშინ ღამით ღარიბაშვილის დაცვის ჯიხური

18.08.26 15:21
გივი თარგამაძე ამბობს, რომ შეესწრო, როგორ დაარბიეს გუშინ ღამით ღარიბაშვილის დაცვის ჯიხური

 

 

გუშინ გვიან ღამით ხმაური იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან. გივი თარგამაძის ინფორმაციით, მან საკუთარი თვალით დაინახა, როგორ შეიჭრა ორი პირი მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ღარიბაშვილის დაცვის ოთახში და იქ არსებული ნივთები დაარბია.

თარგამაძის მონაყოლით, შეჭრილებმა ოთახიდან კომპიუტერები ძირს გადმოყარეს და ხმამაღლა იგინებოდნენ. მისი თქმით, პირები სახეებს არ მალავდნენ. სავარაუდოდ, მათ ღარიბაშვილის დაცვის წევრებიც დაედევნენ, თუმცა გაქცევა მოახერხეს.

მე ვნახე ლაივში 37 წელი ჩვეულებრივად. ღამე, სიჩუმე, პირდაპირ ეს ვიღაც სუსის ორი ტიპი, ეს ორი საქონელი, ორი მკვლელი, მე და ჩემი ძაღლი გავედით... ალბათ გადავარჩინეთ ის ადამიანი, ვინც იჯდა ჯიხურში დაცვის, იმიტომ, რომ ის გამოვიდა. წარმოიდგინეთ, რომ წინ მიდიოდა ის, უკან ჩვენ და უკან ისინი. რას ყვიროდნენ? "გაუშვით მაგის... ვიპოვით!". ეს ადამიანი ნათესავი იქნებოდა, იმიტომ, რომ არ იყო დაცვის ტიპი. ბოლოს, ახლოს რომ მივედი, აი, ასე მომიჯახუნა კარი და "ამათი დედა! და ამათი ოჯახი, ამათი გამყიდველი!". მთელი ქუჩა ესენი ყვიროდნენ, არავინ ხმა არ ამოიღო. შევიდნენ, გადმოყარეს ეს კომპიუტერები და ისინი ჩემს დასანახად, მერე ფეხებით იარეს, - ამბობს გივი თარგამაძე "პირველებთან" საუბარში. 

"პირველები" დღეს ღარიბაშვილის პირად დაცვასთან მივიდა და კითხვები დაუსვა, თუმცა დაცვის წევრებმა კითხვას გადაჭრით არ უპასუხეს. 

გივის ჰკითხეთ, - უთხრა დაცვის წევრმა "პირველებს". 

შემთხვევა ღარიბაშვილის მიერ 17 აგვისტოს გავრცელებული განცხადების შემდეგ მოხდა, რომელშიც ყოფილმა პრემიერმა საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას დააკისრა. დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება „თავიდან ბოლომდე დაცულია“.

ცოტა ხნის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა დაადასტურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაანონსებულ განცხადებას საზოგადოება დღეს იხილავს -  ლილი გელაშვილმა დღეს ყოფილი პრემიერი რუსთავის ციხეში მოინახულა.

მსგავსი სიახლეები