რას უკავშირებს ოპოზიცია კუნჭულიას პოსტიდან წასვლას და რას ამბობს ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი
როგორ აფასებს პაატა კუნჭულიას პოსტიდან წასვლას და მის ჩანაცვლებას, და ხომ არ აქვს ადგილი ერთგვარ შურისძიებას? - ეს კითხვები "პირველებმა" დღეს, პირველ სამუშაო დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დაუსვა. გია ანთაძე, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის კადრად მოაიაზრება, ამბობს, რომ უბრალოდ, შემოთავაზება მიიღო და ირწმუნება, რომ "შურისძიებას" ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, ანთაძე ადასტურებს, რომ ჩხარტიშვილს იცნობს, თუმცა ამტკიცებს, რომ მასთან დიდი ხანია კომუნიკაცია არ ჰქონია.
შემოთავაზება იყო, რომელიც ჩემთვის იყო დიდი პატივი.
ბატონ ვანოს ნამდვილად ვიცნობ, მაგრამ დიდი ხანია არ მინახავს, - ამბობს ანთაძე.
ამასთან, როგორც ახალი ხელმძღვანელი ამბობს, ის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხის შესწავლას გეგმავს.
რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ზუსტად პირველი საკითხი ეგ იქნება ჩემი, გავერკვევი სიტუაციაში და უპირველეს ყოვლისა, მოხდება ამ ადამიანების დაკმაყოფილება, - ამბობს ანთაძე.
ოზურგეთში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს კრიტიკულად აფასებს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი. მისი შეფასებით, კუნჭულიას თანამდებობიდან წასვლა შიდა დაპირისპირებას უკავშირდება, ხოლო გია ანთაძის დანიშვნით მუნიციპალიტეტში არსებითი ცვლილებები არ იქნება. ნიკოლაიშვილი ახალ ხელმძღვანელს გურიაში მოქმედ ბიზნესჯგუფებთან აკავშირებს და ვარაუდობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები კვლავ მოუგვარებელი დარჩება.
კუნჭულია ამბობდა, რომ ოზურგეთელების 91%-მა აირჩია ის და ეს 91%-იანი მერი ისე წავიდა, რომ ნორმალური განცხადებაც არ გაუკეთებია. რეალურად, ის არც არავის დაუნიშნავს და ხალხის მიერ არჩეული არ ყოფილა. ის დანიშნული იყო მამუკა მდინარაძის მიერ, რომელსაც ზეწოლა და გადატრიალება მოუწყვეს და კუნჭულიაც ზედ მიაყოლეს. ახლა რაც ხდება ოზურგეთში, ამით, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება ხალხისთვის, ის მოუგვარებელი პრობლემები, ისევ მოუგვარებლად დარჩება ჩემი ღრმა რწმენით, იმიტომ, რომ ეს ადამიანი, რომელიც კუნჭულიას მაგივრად "დადეს", არის ბიზნესმენებით, გურიაში ჩაბუდებული, მორგებული ბიზნესმენების კლანის კანდიდატი, შესაბამისად, ის, ჩემი აზრით, ეცდება, რაც შეიძლება მეტი ფული წაიღოს ბიუჯეტიდან, - ამბობს თათია ნიკოლაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას გია ანთაძე შეასრულებს.
გია ანთაძე მერიის თანამშრომლებს და საკრებულოს წევრებს, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ წარუდგინეს.