მარია ზახაროვა "ოცნებას" „რუსოფობიის“ ფაქტების გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას სთხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოში ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები — პასუხისგებაში მიეცნენ.
ზახაროვას თქმით, საქართველოში „რუსოფობიის“ კონტექსტში სერიოზული ინციდენტები მოხდა, რაზეც ოფიციალურმა თბილისმა მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს და ანტირუსული ფაქტები გამოიძიოს.
მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების განცხადებები „რუსოფობიის დაუშვებლობის“ შესახებ.
„ბოლო პერიოდში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ რამდენიმე სერიოზულ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებასა და შესაბამის ზომებს მოითხოვს.
გავეცანით თქვენს მიერ ნახსენებ საქართველოს ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა განცხადებებს. ვიმედოვნებთ, რომ თბილისი მიიღებს ამომწურავ ზომებს რუსოფობიის აღსაკვეთად და სრულად უზრუნველყოფს საქართველოში ჩასული ყველა რუსეთის მოქალაქის უსაფრთხოებას. ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ, დამნაშავეები კი პასუხისგებაში უნდა მისცენ, - განაცხადა ზახაროვამ.