გაეროს უშიშროების საბჭოს ევროპული ქვეყნები რუსეთს 2008 წლის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ

21.08.26 11:19
გაეროს უშიშროების საბჭოს ევროპული ქვეყნები რუსეთს 2008 წლის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ

გაეროს უშიშროების საბჭომ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება დახურულ ფორმატში („სხვადასხვა საკითხების“ პუნქტით) განიხილა. სხდომა საბჭოს ევროპელი წევრების - დანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ლატვიისა და გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა.

„მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და გაერო-ს წესდების დარღვევით უკანონო სამხედრო ყოფნას, ეფექტური კონტროლის განხორციელებას და ორი ქართული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერას, რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ბოლო დროს ხელმოწერილ ე.წ. „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას“, მისი განხორციელებისთვის დაუყოვნებლივ გადადგმულ ნაბიჯებს და რუსეთის მოქალაქის დანიშვნას საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ლიდერად, საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემას და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებას“, — აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას, უკანონო „ბორდერიზაციასა“ და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების საქმეებს:

„კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ უწყვეტ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევებს და ორი ქართული რეგიონის მილიტარიზაციას, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს; ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას; მათ ენაზე განათლების აკრძალვას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას; მავთულხლართების აღმართვას და რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არაავტორიზებული ფრენების, რკინიგზისა და საზღვაო კავშირების დამყარებას. ასევე ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიას და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობას. ამ დანაშაულების ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ და პასუხისგებაში მიეცნენ“.

პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო მართლმსაჯულების გადაწყვეტილებების აღსრულებას და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება შეახსენეს:

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები. ასევე ხაზს ვუსვამთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერების გაცემას საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულებისთვის. კვლავ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, გაიყვანოს თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე და ასევე ვალდებულებებს, დაუშვას შეუფერხებელი წვდომა ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმებისთვის, როგორიცაა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი“.

დოკუმენტში საუბარია სამშვიდობო ფორმატების, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) სრულფასოვანი მუშაობის აუცილებლობაზე:

„ერთგულები ვრჩებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს მისიის შესვლა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მისი მანდატის შესაბამისად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გაგრძელებას ერგნეთში და ხაზს ვუსვამთ გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დაუყოვნებლივი აღდგენის აუცილებლობას წინაპირობების გარეშე და ორივე მექანიზმის ფუნქციონირებას ძირითადი წესებისა და დამფუძნებელი პრინციპების შესაბამისად“.

განცხადება სრულდება რუსეთისადმი დეოკუპაციისა და ე.წ. აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების მკაფიო მოთხოვნით:

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ვიმეორებთ 18 წლიან მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლა ორივე რეგიონში. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე“.

მსგავსი სიახლეები