მორიგი ქება ივანიშვილის გუნდს - რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში „ოცნების“ „პრაგმატულობაზე“ ისაუბრა
მორიგი ქება ივანიშვილის გუნდს - რუსეთის ელჩმა გაეროში „ოცნების“ „პრაგმატულობაზე“ ისაუბრა.
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით დახურული სხდომის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილ ნებენზიამ განაცხადა, რომ „ევროკავშირის მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაში და თბილისი ნატოში ჩაითრიოს, კარგს არაფერს მოიტანს“.
სწორედ ამ კონტექსტში უწოდა მან ივანიშვილის გინდის პოლიტიკას "პრაგმატული".
„საქართველოს ამჟამინდელმა პრაგმატულმა ხელისუფლებამ ეს კარგად იცის“, - განაცხადა დიპლომატმა.
ევროკავშირის მცდელობა, გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და თბილისი ნატოში ჩაითრიოს, არანაირ კარგს არ გამოიწვევს. საქართველოს ამჟამინდელ პრაგმატულ ხელმძღვანელობას ეს კარგად ესმის.
ამავდროულად, რუსეთი რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განმტკიცების ინტერესებით ხელმძღვანელობს და შესაბამისად, მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა მათთან, ვისაც სამხრეთ კავკასიის ბედი ადარდებს. ჩვენ ასევე მზად ვართ, ყოვლისმომცველი დახმარება გავუწიოთ თბილისს, სოხუმს და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებაში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და მოგვარდეს მათ საერთო რეგიონში დაგროვილი პრობლემები".- განაცხადა ვასილ ნებენზიამ.
რუსმა დიპლომატმა ისაუბრა ქართველი ოპოზიციონერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზეც, რომელიც აფხაზეთის ომს შეეხებოდა.
„ცოტა ხნის წინ საქართველოში შიდა პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გიორგი ბარამიძის, განცხადებას. ის ბატონი სააკაშვილის თანამოაზრე იყო. მან აფხაზეთის კონფლიქტის დროს, 90-იანი წლების დასაწყისში, ქართული მხარის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ“, აღნიშნა ნებენზიამ.
- გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, სადაც ის ამბობდა, რომ აფხაზეთის ომის დასაწყისში ქართველებს „ტყვეები არ აჰყავდათ“ და მათ „ხვრეტდნენ [ჩვენები]“, მის წინააღმდეგ გამოძიება „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ მუხლებით დაიწყო. მოგვიანებით ბარამიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა, მათ შორის თქვა: „არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით“.
გაეროს უშიშროების საბჭომ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება დახურულ ფორმატში („სხვადასხვა საკითხების“ პუნქტით) განიხილა. სხდომა საბჭოს ევროპელი წევრების - დანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ლატვიისა და გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა.
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეჭრამ საქართველოში სათავე დაუდო რუსეთის უფრო აგრესიულ პოზიციას მისი მეზობლების მიმართ... რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებებით“, განაცხადა უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების სახელით ლატვიის წარმომადგენელმა ოლეგს ილგისმა.