შეცვალა თუ არა პოლიტიკა "ოცნებამ" უკრაინასთან მიმართებით - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

25.08.26 17:46
შეცვალა თუ არა პოლიტიკა "ოცნებამ" უკრაინასთან მიმართებით - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

შეცვალა თუ არა პოლიტიკა "ოცნებამ" უკრაინასთან მიმართებით? - ეს კითხვა "პირველებმა" ივანიშვილის გუნდის წევრებს მას შემდეგ დაუსვეს, რას გუშინ ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ომში მყოფ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, თბილისის ანძა უკრაინის დროში ფერებში განათდა და საქართველომ გაეროში მხარი დაუჭირა რუსეთის მიმართ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებას. 

"ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ ეს პოლიტიკა ჰქონდათ აქამდეც - თენგიზ შარმანაშვილის თქმით, საქართველო აქამდე 700 ანტი-რუსულ რეზოლუციაზე მეტს შეუერთდა და ამაში ახალი არაფერი არ არის. 

მისივე მტკიცებით, ერთ-ერთი რეზოლუცია, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა, ჰააგაში პუტინის საქმის გამოკვლევას შეეხებოდა, რამაც ქვეყანა რისკის წინაშე დააყენა.

700 ანტი-რუსულ რეზოლუციაზე მეტს შეუერთდა საქართველო, მათ შორის რომელ რეზოლუციას არა მხოლოდ შეუერთდა, სპონსორი იყო, ანუ ერთ-ერთი ავტორი, სადაც ჰააგას უნდა გადაეცესო ეს საქმეო და პუტინის საქმეც კი იყოს გამოკვლეული ჰააგაშიო. ეს, რამხელა რისკის წინაშე დავდექით ჩვენ, მაგრამ სიმართლის მხარეს დავდექით და გავაკეთეთ წლების წინ, 2 წლის წინ. 

ასე, რომ მოდი ამ ტყუილებს თავი დავანებოთ. ჩვენ სამართლის და სიმართლის მხარეს ვიქნებით ყოველთვის და ეს იყო 701-ე რეზოლუცია, რომელსაც საქართველო შეუერთდა, შევუერთდებით 702-ესაც, 703-ესაც, სადაც ოკუპაციის საკითხებზე იქნება საუბარი. 

ჩვენ ყოველთვის ამას ვაკეთებდით, საქართველო ყოველთვის ცნობდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, აგრესიას და ოკუპაციას ყოველთვის გმობდა და მომავალშიც ასე მოიქცევა.  ასე, რომ არაფერი სიახლე იმაში, რომ საერთაშორისო სამართლის მხარეს იქნება საქართველო, არ არის და არც მომავალში იქნება," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველო იმ 50 ქვეყანას შეუერთდა, რომლებმაც გაეროში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

საქართველოს მიერ მხარდაჭერილ განცხადებაში ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ. 

მსგავსი სიახლეები