მდინარაძე ამბობს, რომ შეიძლება ბიზნესში წავიდეს
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან შეიძლება ბიზნესში წავიდეს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა ბრიფინგზე ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, ამაზე არ მიფიქრია. ადრე ხუმრობით მილაპარაკია, რომ შეიძლება ჩემზე ცნობილი ადვოკატი ბევრი არ იყოს. სიმართლე გითხრათ ახლა ამ თემაზე სერიოზულად არ მიფიქრია. შეიძლება ბიზნესში მოვსინჯო ძალები, რადგან აზარტული ნამდვილად ვარ ამ მიმართულებით და არა იმ მიმართულებით, რასაც კლასიკურად ეძახიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.
ასევე ნახეთ: