პაპუაშვილი "უცნობის" ვიდეოზე: ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ

31.08.26 12:53
პაპუაშვილი "უცნობის" ვიდეოზე: ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ

“მე ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ და არც შეიძლება ვიყო”, – ასეთია შალვა პაპუაშვილის განცხადება კითხვაზე, გაემიჯნება თუ არა ის ნანი ბრეგვაძე “ოცნების” მხარდამჭერის, გია გაჩეჩილაძის [უცნობის] მიერ შექმნილ ვიდეოს.

"ოცნების" პროპაგანდისტმა "უცნობმა" ნანი ბრეგვაძეს და ფესტივალ Open Air-ს AI-ის მიერ გაკეთებული ვიდეო-რგოლით "დასცინა".

“მე ზოგადად, და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ზოგადად ვისურვებდი, რა თქმა უნდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში იყოს უფრო მეტი კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ხედავთ, რომ გარედან წაქეზებით არის მცდელობა საზოგადოებაში რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვიყოთ იმის მხარდამჭერი, რაც ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას. დანარჩენი ახლა მე შეფასებებში ვერ შევალ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ ამბობს, რომ ემიჯნება 90 წლის ლეგენდარულ მომღერალზე თავდასხმას, პაპუაშვილი ამბობს იმას, რომ "ადამიანებს, რომლებსაც დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის მიმართ, რა თქმა უნდა, სათანადო დამოკიდებულება სჭირდებათ". 

პაპუაშვილმა წინა მოწმევის პარლამენტში, ბუბა კიკაბიძის ყოფნა გაიხსენა და თქვა, რომ მიუხედავად ენმ-სთან უთანხმოებისა, მომღერალი არავის გაუკრიტიკებია "ოცნებიდან". 

მე ვსაუბრობ „ქართული ოცნების“, ვსაუბრობ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სახელით. ჩვენი დამოკიდებულება არის ნათელი და ვთქვი კიდევაც, რომ ბუბა კიკაბიძის მაგალითზე ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. და თქვენ, აბა, ერთი წუთით დაფიქრდით და წარმოიდგინეთ პირიქით მდგომარეობა. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს ადგილას ყოფილიყო “ნაციონალური მოძრაობა“ – რა დღეში ჩააგდებდნენ თუნდაც მაშინ ბუბა კიკაბიძეს.

„ქართული ოცნების“ გზა და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება არის პატივისცემა საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა. პატივისცემა ადამიანების, რომლებსაც ამ საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის წინაშე დამსახურებები აქვთ. ამის საპირისპირონი არიან ისინი, ვინც დღეს თითქოს გამოვიდნენ ქალბატონი ნანის მხარდამჭერებად. მათ შორის მისი გარემოცვაც, რომელიც მას გამოექომაგა. ამ გამოქომაგებაშიც კი გააკეთეს ზუსტად ის, რაც უნდათ სინამდვილეში, რომ დაგმონ. გამოქომაგებაშიც კი გამოაჩინეს საკუთარი ზიზღი საზოგადოების მიმართ და იმათ მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმება" - თქვა პაპუაშვილმა. 

ნანი ბრეგვაძესთან ერთად პროპაგანდა სუხიშვილების, ნიკოლოზ რაჭველს, გიორგი სუხიტაშვილს, მაია დარსმელიძეს, ნინი შერმადინისა და სხვა ცნობილი სახეების წინააღმდეგ აამოქმედეს. 

მსგავსი სიახლეები