სალომე ზურაბიშვილს Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, კრწანისის ტყე-პარკში მიმდინარე აქციას შეუერთდა, სადაც მოქალაქეები, პოლიტიკოსები, აქტივისტები არიან შეკრებილი და არაბული ქალაქის მშენებლობას აპროტესტებენ.
ზურაბიშვილის თქმით, თუ აღნიშნული ტყე-პარკის ტერიტორიაზე კორპუსები აშენდება, მაშინ თბილისისთვის "ფილტვები დაიხურება", რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით დედაქალაქისთვის საფრთხის შემცველია.
სალომე ზურაბიშვილს Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს - აინტერესებს, თუ ვინ არის რეალური ინვესტორი და ვინ აპირებს ფულის კეთებას არაბული ქალაქის აშენებით.
აქ თუ აშენდა ის კორპუსები, რომელსაც ვხედავთ მთელ ქალაქში და მთელ ამ გზაზე, როცა მოვდივართ, ეს ნიშნავს, რომ ის ფილტვები დაიხურება ჩვენთვის. ქალაქისთვის ეს არის ძალიან დიდი ზიანი. ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არავინ არ აქცევს არავითარ მნიშვნელობას, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ბუნება. არანაირი გამჭვირვალე პასუხები არ არის იმაზე, თუ ვინ, რა როგორ შენებენ, ერთი გაგვიხსნეს რაღაცა ოფისები რუსთაველზე, მაგრამ არავინ არ იცის, რა კონტრაქტით, რა ფულით, ვინ არის რეალუად ინვესტორი, ვინ გააკეთებს ფულს", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი .
ცნობისთვის, Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.
შეთანხმების მიხედვით, თბილისსა და აჭარაში მსხვილი დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს.