ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე: ახალი ბრალი ღარიბაშვილის წინააღმდეგ?

22.09.26 17:25
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე: ახალი ბრალი ღარიბაშვილის წინააღმდეგ?

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის დახურული სასამართლოდან სკანდალურმა ინფორმაციამ გამოჟონა - დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი ამბობს, რომ სხდომაზე პროკურატურის მოწმემ, ასევე ბრალდებულმა გივი ჯიბლაძემ თქვა, რომ  "ქოლ-ცენტრებს ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მფარველობდა".

[გივი ჯაბლიძე] ასევე აღნიშნა, რომ ფარცხალაძე მფარველობდა, ე.წ. "კრიშავდა" [ქოლ-ცენტრებს] და შემდეგ, როდესაც მოვიდა პრემიერად ღარიბაშვილი, ღარიბაშვილმა "გაწია" ფინანსთა საგამოძიებო სამსახური და მან ჩაიბარა ეს "ქოლ-ცენტრები" - სრული აბსურდი", - ამბობს ადვოკატი ნათია კორკოტაძე. 

სხდომის დასრულების შემდეგ, "პირველებმა" ღარიბაშვილის შესახებ კითხვა გივი ჯიბლაძესაც დაუსვა. ბრალდებული, რომელიც მოწმეთა დაცვის სიაშია და სახელმწიფო დაცვით გადადგილდება, ამტკიცებს, რომ  პროცესზე ირაკლი ღარიბაშვილი "ქოლ-ცენტრების" მფარველობის კონტექსტში არ უხსენებია.  მისი მტკიცებით, სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მუშაობდა დანაშაულებრივი ჯგუფი.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერს, პროკურატურამ ახალი ბრალი მიმდინარე წლის 24 აგვისტოს წარუდგინა. გამოძიება ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ჯამში 750 000 ლარი მიიღო.

2025 წლის ოქტომბერში კი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

2026 წლის იანვარში ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.

ახალი ბრალის წაყენების შემდეგ, ღარიბაშვილმა ყოფილი თანაგუნდელები საქმის შეკერვაში დაადანასაულა.