ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა - შეზღუდვები დაუწესდათ: ნიკოლოზ მჟავანაძეს, მამუკა ფიფიას, პაატა აბულაძესა და გიორგი ირემაძეს.
ბრიტანეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ახალი პაკეტით შეზღუდვები 31 პირს კრემლის დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაუწესეს.
სანქცირებულ მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში არსებულ აქტივებს გაუყინავენ, ასევე ვერარ იმოგზაურებენ ბრიტანეთში.
„დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციით და დამთავრებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში მსახურებით“, - ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
უფრო კონკრეტულად, ბრიტანეთი “რუსეთის სანქციების რეჟიმის” ფარგლებში, სანქციას უწესებს 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.
- ამასთან, სანქცირებულთა სიაში მოხვდა სამი პირი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან: კერძოდ, მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი.
დღეს, დიდი ბრიტანეთი, “რუსეთის სანქციების რეჟიმის” ფარგლებში, სანქციას უწესებს 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. სანქცირებულთა შორის არის სამი პირი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან: მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი.
რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებისადმი უპატივცემულობაში გამოიხატება. მათ შორისაა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაციის გაგრძელება.
დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით.
დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო”, - აღნიშნულია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.