„ძლიერი საქართველო“: პენიტენციური სისტემის ბიუჯეტი იზრდება, ციხეებში პრობლემები კი მწვავდება
„ძლიერი საქართველო“ პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ხელისუფლებას პატიმართა პირობების გაუარესების ფონზე ბიუჯეტის არათანაბარ განაწილებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ლანა გალდავამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2027 წელს სისტემის დაფინანსება 35 მილიონი ლარით, 358 მილიონამდე იზრდება, თუმცა ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მხოლოდ 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული, არ იგეგმება თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა და, მისი თქმით, დამატებითი თანხები ძირითადად სახელფასო მატებას ხმარდება.
გალდავა ბოლო დღეებში პატიმრის გარდაცვალებასა და გიორგი დავითაძის საქმეზეც მიუთითებს და აცხადებს, რომ ეს შემთხვევები სისტემაში არსებულ მძიმე პრობლემებს აჩვენებს.
გასული დღეების განმავლობაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ვისმენთ უმძიმეს ფაქტებს. კერძოდ, პატიმრის თვითმკვლელობა, რაც ასევე შეფასდა პენიტენციური სისტემის განცხადებით, ასევე მსჯავრდებულ დავითაძის მძიმე მდგომარეობა და მძიმე კადრები, რაც გავრცელდა პენიტენციური დაწესებულებიდან. ყველაფერი ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ციხეებში არის უდიდესი პრობლემები. პრობლემებია იმ თვალსაზრისითაც, რომ 2027 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 35 მილიონიანი მატება და ბიუჯეტი ხდება 358 მილიონი ლარი და ამ საბიუჯეტო მაჩვენებელში ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის განკუთვნილი არის მხოლოდ 12 მილიონი ლარი. არაფერია ნათქვამი პენიტენციურ სისტემაში კვალიფიციური კადრების დამატებაზე მაშინ, როდესაც აუცილებლობას წარმოადგენს და ვხედავთ, რომ ციხეები გადატვირთულია, პენიტენციურ სისტემას არ ჰყოფნის თანამშრომლები იმისათვის, რომ სასჯელის მოხდის პირობები იყოს ღირსეული. სამაგიეროდ რას ვიღებთ? - ვიღებთ იმას, რომ არ იზრდება თანამშრომლების რაოდენობა, არ უმჯობესდება პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების მდგომარეობა, მაგრამ იზრდება ხელფასები იმ პირებისათვის, რომლებიც ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობენ თავს ხელფასების მატებით, მაგრამ პატიმრების მდგომარეობა კი კვლავ უარესდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებული უმძიმესი დარღვევები განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და განსაკუთრებით პენიტენციურ სისტემაში, იქნებოდა აღმოფხვრილი. 14 წლის შემდეგ ჩვენ ვუბრუნდებით იმავე მაჩვენებელს: მსჯავრდებული პირების რეკორდული მაჩვენებელია ციხეებში და უკვე გადაცდა 12 000 პატიმარს, ვხედავთ, რომ გადატვირთულობის უდიდესი მაჩვენებელია განსაკუთრებით გლდანის, ქსნის და ქუთაისის ციხეებში და პროცენტულად ეს არის 30, 35, 55 პროცენტიც კი და ეს პროცენტულობა, მხოლოდ რიცხვები არ არის, პატიმარი არ არის მხოლოდ საკანი, პატიმარი არის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობები, პატიმრობა ნიშნავს წვდომას სერვისებზე, წვდომას ჯანდაცვის სერვისებზე, წვდომას საგანმანათლებლო სერვისებზე, შესაძლებლობას, რომ საკმარისი და კვალიფიკაციური კადრი ემსახურებოდეს პენიტენციურ სისტემას და ამ მოცემულობით ვიღებთ მხოლოდ სახელფასო მატებას. ჩვენ არ ვართ ბიუჯეტის გაზრდის წინააღმდეგნი, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ გამჭვირვალეობას, რომ ბიუჯეტი მოხმარდეს პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებას, პატიმართა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. მაგალითად დავითაძის საქმე, პენიტენციურმა სისტემამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ რეზონანსული და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებისა და საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესების არსებობის პირობებში, ამ დღეების განმავლობაშიც კი ვერ დაიცვა მისი უსაფრთხოება და მან პროტესტის ნიშნად მოახერხა ის, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთები გადაყლაპა, ანუ უსუსურია სისტემა და არაფერს ვამბობ ქურდული სამყაროს გავლენების ზრდაზე პენიტენციურ სისტემაში. ჩვენ, "ძლიერი საქართველო ლელო" არ ვართ წინააღმდეგნი ბიუჯეტის ზრდის, მაგრამ ჩვენ ვართ წინააღმდეგნი ბიუჯეტის არათანაბარი გამოყენების. მოვითხოვთ მაქსიმალურ გამჭვირვალეობას თითოეულო თეთრის ხარჯვისას! მოვითხოვთ იმას, რომ პატიმრებისთვის პატიმრობის ღირსეული პირობები იყოს დაცული, მოვითხოვ იმას, რომ მიხვდეს "ქართული ოცნება", რეპრესიები არ არის გამოსავალი და რეპრესიული მიდგომა, რაც იმაშიც მდგომარეობს, რომ არასაპატიმრო სასჯელები ნაკლებად არის გამოყენებული და თითქმის ყველას უსჯიან პატიმრობას, პატიმრობას გადატვირთულ ციხეებში სერვისებთან არათანაბარი წვდომით. გაუმჯობესებას ვითხოვთ პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის, სასჯელის პირობების ღირსეულად მოხდას და თუნდაც იმ მინიმალური სტანდარტული წესების დაკმაყოფილებას, რაც გაეროს სტანდარტებით არსებობს. გამჭვირვალეობა და ყველა დამნაშავის დასჯა, რომელიც ამ ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში ხელს უწყობს არათანაბარ უფლებრივ მდგომარეობას და დამნაშავე კლანის გაღვივებას, რაც არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, - განაცხადა ლანა გალდავამ.