ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში მოწმეების გამოკითხვა დასრულდა - რა ჩვენებები მისცეს კაკაბაძემ და ნიკოლაიშვილმა
ნანა კაკაბაძის შეფასებით, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უნდა გაირკვეს, ეს გიორგი გახარიას შეცდომა იყო თუ „გარედან ნაკარნახევი“ გადაწყვეტილება. ამის შესახებ პროკურატურის მოწმემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, სხდომაზე დაცვის მხარის კითხვები ძირითადად იმის გარკვევას ემსახურებოდა, რამდენად უკავშირდებოდა დამდგარი შედეგი უშუალოდ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას
სამწუხაროდ, ეს პროცესი იყო ასახვა იმ პოლიტიკური რეალობისა, რომელიც ქვეყანაში არის. ადვოკატების შეკითხვებში იყო ინტერესი არა იმისა, რომ ამ საგუშაგოს არსებობამ რომ გამოიწვია ის შედეგი, რა შედეგიც დადგა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი ამხელა ტერიტორიაზე, ეს კი არ იყო მათი ინტერესი, მათი ინტერესი იყო, როგორმე გახარია რომ აქ არაფერი შუაში იყო და კითხვა დამისვა ადვოკატმა, ეს ეჭვი რატომ გაგიჩნდათო და მე ვუთხარი, რომ ეს არ იყო მომხდარი არც ომით და არც ომის გარეშე, უცბად ჩნდება მეთქი საგუშაგო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდ ნაწილზე კონრტოლი დაგვაკარგვინა და დავინტერესდი, ეს იყო გახარიას შეცდომა თუ ეს იყო გარედან ნაკარნახევი. ის ინფორმაციები, რაზეც მე თქვენ გესაუბრეთ, ეს გახდა მას მერე, რაც ჩენ მივმართეთ უკვე პროკურატურას და პროკურატურას როცა მივმართეთ, მაშინ ჩვენ ჩორჩანა არ გვქონდა ჩვენს განაცხადში ნახსენები იმიტომ, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციები არ გვქონდა. ეს ინფორმაცია ჩვენ მივიღეთ უფრო მას მერე, რაც თეა წულუკიანის საპარლამენტო კომისია ჩამოყალიბდა, - ამბობს ნანა კაკაბაძე.
რაც შეეხება გელა ნიკოლაიშვილს, ის ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ჩორჩანას ეპიზოდზე მისი გამოკითხვა. ნიკოლაიშვილის თქმით, გამოძიებასთან საუბრისას მან ჩორჩანას საკითხი ახსენა, თუმცა რატომ მიიჩნია გამოძიებამ ეს გარემოება მნიშვნელოვნად და რატომ დაიბარეს შემდეგ სასამართლოში მოწმედ, ამის განმარტება თავად საგამოძიებო უწყებამ უნდა გააკეთოს.
კითხვები ორივე მხრიდან იყო ის, რომ რატომ ჩავთვალეთ, მე რატომ ჩავთვალე გამოკითხვის დროს, რომ ჩორჩანას პრობლემა ვახსენე, რატომ ადრე არ ჩავთვალე ეს და ვუპასუხე, რომ ჩავთვალე მაშინ, როდესაც გავიგე, როდესაც ეს ინფორმაცია საჯარო გახდა და როდესაც შედეგი მივიღეთ ის, რომ დაახლოებით 100 ჰექტარ მიწაზე კონტროლი დაკარგა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის გარდა, სხვა ინფორმაციის მატარებელი მე არ ვარ, თუმცა რატომ დასჭირდა გამოძიებას ჩემი გამოკითხვის დროს ამ საკითხის ხსენებაც, ეს უნდა ჰკითხოთ თავად გამოძიებას, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.
პროკურატურა კი განმარტავს, რომ კაკაბაძისა და ნიკოლაიშვილის სასამართლოში მოწმედ დაბარება მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს უკავშირდება. პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, ისინი თავდაპირველად სხვა საქმეზე განმცხადებლები იყვნენ, თუმცა გამოკითხვისას ჩორჩანას საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებულ გარემოებებზეც ისაუბრეს, რის გამოც ბრალდების მხარემ მათი სასამართლოში დაკითხვა საჭიროდ მიიჩნია.
მოწმეებს გააჩნდათ მხოლოდ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია. მათ შორის, მოგეხსენაბათ, რომ დაცვის მხარესაც ჰყავს გარკვეული მოწმეთა ბაზა და სასმაართლო პროცესზე ველოდებიტ დაცვის მხარის გარკვეულ მოწმეებსაც, რომლებიც რაღაც გარკვეული ინფორმაციის მატარებლები ანუ ირიბი მოწმეები არიან. შესაბამისად, მოწმეები, რომლებიც ამ შემთხვევაში, მიმდინარე გამოძიების პროცესში იკითხებოდნენ და მოგეხსენებათ, რომ ამ შემთხვევაში მოცემული საქმე გამოიყო საქმიდან, სადაც განმცხადებლები იყვნენ საჩივრის ავტორები და შემდეგ უკვე გამოკითხვის ოქმებში საუბრობდნენ ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. ლოგიკურია, პროცესზე დაიკითხნენ და მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც მათ გააჩნდათ, - ამბობს პროკურორი თამარ იაკობიძე.
დაცვის მხარე კი მოწმეების დაკითხვის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებს. გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არც კაკაბაძეს და არც ნიკოლაიშვილს თავდაპირველ განცხადებებში ჩორჩანას ეპიზოდი ნახსენები არ ჰქონდათ და ამ საკითხზე მხოლოდ მოგვიანებით, გამოძიების ეტაპზე ისაუბრეს. სიჭინავა საქმეს „პოლიტიკური შეკვეთით“ წარმოებულ გამოძიებად აფასებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიზანთან დაკავშირებით გამომძიებელს პასუხები არ ჰქონდა.
არცერთ ამ ადამიანს საჩივარში თავდაპირველად არ ჰქონდა მითითებული ჩორჩანას ეპიზოდი. მერე, როდესაც გამოიკითხნენ გამოძიების ეტაპზე ეს ადამიანები, გაახსენდათ, რომ თურმე ჩორჩანაში ჰქონდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დარღვევას ადგილი. სხვანაირად ვერ იქნება, ჩორჩანას საქმე არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმე და დიახ, ზუსტად ასეთ საქმეში უნდა იყვნენ მოწმეებად ასეთი ადამიანები: ვახტანგ შაქარაშვილები, ნანა კაკაბაძეები და ა.შ. და, როდესაც ეს საქმე მივა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე, აუცილებლად დადგინდება ის დარღვევები, იმიტომ, რომ არცერთ შეკითხვაზე, რომელი საგამოძიებო მოქმედება რა მიზნით ჩაატარა და რომელი რატომ არ ჩაატარა, არ ჰქონდა გამომძებელს პასუხი, იმიტომ, რომ ეს გამოძიება არის ნაწარმოები არა პროკურატურის გამომძიებლების მხრიდან, არამედ პოლიტიკური შეკვეთით და პოლიტიკური მართლმსაჯულებით, - ამბობს გახარიას ადვოკატიო ბერდია სიჭინავა.
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.