როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო - მარტა კოსი
ევროკომისიამ გაწევრიანების პროცესში ოთხი კანდიდატი – მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა – გამოყო და მათთვის ინდივიდუალური საგზაო რუკების მომზადებას გეგმავს, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორის არ ფიგურირებს.
ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ის რაც საქართველოში ახლა ხდება წარმოდგენილი იქნება გაფართოების ანგარიშში.
„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა. ქვეყანასთან როგორც გავაგრძელებთ, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, წევრი ქვეყნები როგორ შეაფასებენ ამის მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც ქვეყანაში [საქართველოში] ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს”, - განაცხადა კოსმა „ტაბულას“ კითხვაზე პასუხად.