ივანიშვილმა აგინა წმინდა სინოდის წევრს, [ნაცვლიშვილმა] გამოხატა ივანიშვილის პოზიცია - გოგიჩაიშვილის შეფასება
პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი დგას.
როგორც პარტია "გახარია-საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა TV პირველის ეთერში თქვა, პროპაგანდისტის, ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან წმინდა სინოდის წევრის გინების უკანაც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ხედავს.
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ამბობს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელს არ აქვს გამბედაობა, რომ საკუთარი დამოკიდებულება თავად გამოხატოს და ასპარეზზე სხვები გამოჰყავს.
"ლაშა ნაცვლიშვილს არ უგინებია მეუფე იობისთვის, ივანიშვილმა აგინა წმინდა სინოდის წევრს, ივანიშვილმა გამოხატა ეს პოზიცია, მაგრამ მას ხომ არ აქვს მაგის გამბედაობა, რომ თვითონ თქვას. ბუნკერიდან დირექტივებს აძლევს, თავის უბინძურეს ლაჩრებს, ცილის მწამებლებს, კორუმპირებულებს, ყოფილ "ნაცებს"- თქვა გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, მეუფე იობი იყო ის სასულიერო პირი, ვინც წინა ხელისუფლების დროს ენმ-ს მის ნაკლოვანებებს ღიად ახსენებდა.
"რომელიც მერაბიშვილთან ფული მიჰქონდა ივანიშვილს და მერე მერაბიშვილი ამ ფულით ციხეში ალპობდა [პატიმრებს], პირდაპირი მნიშვნელობით, აი, იქ დადიოდა მეუფე მის ბერებთან ერთად" - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
"ოცნების" ყოფილი ლიდერი სვამს კითხვას, რატომ არ გაემიჯნა მათივე მხარდამჭერის საქციელს პრემიერი კობახიძე.
გოგიჩაიშვილი ამბობს იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე, ვერც "ქართული ოცნების" ის დეპუტატები ვერ გააკრიტიკებდნენ სასულიერო პირს, რომლებმაც კრიტიკული ქადაგების გამო, მეუფე იობი გააკრიტიკეს და პოლიტიკური განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულეს.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშმა, მეუფე იობის ქადაგების შეფასებისას თქვა, რომ „ღმერთმა შეუნდოს“
ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტიც იყო, სოციალურ ქსელში დაწერა: „იობ ტვაიუ მაწ რა“.
მეუფე იობის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ქადაგების შემდეგ მასზე მედიაში გავრცელებულ შეფასებებს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე.
"ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მეუფე იობის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს"- თვლის მამა ანდრია.
კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი ლაშა ნაცვლიშვილს აღსარების ჩაბარებას ურჩევს.