"ღარიბაშვილმა იცის ბევრი ისეთი რამ, რამაც შეიძლება მენტალური აფეთქება გამოიწვიოს და ივანიშვილს უკან დაახევინოს, ამიტომ მან სრული სიმართლე უნდა ილაპარაკოს" - ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, რომ სრული სიმართლე ილაპარაკოს - “სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ახლა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის ხსნა არც ციხიდან გამოგზავნილი ამგვარი შინაარსის წერილებში და არც ნახევარი სიმართლის ლაპარაკშია.
ხიდაშელის თქმით, ღარიბაშვილმა ბევრი ისეთი რამ იცის, რამაც შეიძლება მენტალური აფეთქება გამოიწვიოს და ივანიშვილს უკან დაახევინოს, ამიტომ ის ყოფილ მაღლაჩინოსანს ურჩევს, რომ სწორედ სრული სიმართლე ილაპარაკოს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში იხსენებს ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის ქეისს და საკანში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ხიდაშელი ამბობს, რომ "ოცნების" დამფუძნებელმა ბაჩიაშვილს საჩვენებლის დასჯა სხვების დასანახად მოუწყო.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილსაც სწორედ ანალოგიური დაემუქროს - "ამიტომ ერთადერთი დაცვა, რომელიც მას აქვს არის სრული სიმართლის ლაპარაკი".
რა განცხადებასაც ღარიბაშვილი აკეთებს, ეს მას არაფრისგან არ დაიცავს. მე მისი მეგობარი არ ვარ, მაგრამ მეგობრული რჩევა მიიღოს ჩემგან, როგორც ქვეყნის გულშემატკივრისგან და არა როგორც მისი გულშემატკივრისგან, რომ თუ უნდა რაიმე განსხვავებული შედეგის დადგომა, ამისთვის მან სრული სიმართლე უნდა ილაპარაკოს. ნახევარი სიმართლე მის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ერთადერთი შემთხვევაა, როცა ივანიშვილმა შეიძლება უკან დაიხიოს - ეს არის ისეთი რამ, რამაც შეიძლება დიდი საჯარო და მენტალური აფეთქება გამოიწვიოს, რადგან მან იცის ბევრი რამ, რა ტიპის სისტემურ სიმახინჯესთან გვაქვს საქმე. ეს სისტემური როგორ იქმნებოდა, ვინ იყვნენ ჩონჩხის შემადგენელი ნაწილები, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებზეც გადადის ამ სისტემის ფუნქციონირება. ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით, მან ეს ყველაფერი ნამდვილად იცის. ამიტომ ერთადერთი დაცვა, რომელიც მას აქვს არის სრული სიმართლის ლაპარაკი, ნახევარი სიმართლით ის შედეგს ვერ მიიღებს და იქნება იმ მდგომარეობაში, რომელშიც იქნება. ბიძინა კიდევ უფრო გაბრაზდება მასზე და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
მე ჯერ კიდევ ბაჩიაშვილის დროს ვამბობდი, როცა ბაჩიაშვილი საკანში აწამეს, ჯერ კიდევ მაშინ უნდა გადამდგარიყო იუსტიციის მინისტრი, ეს მაშინ ბიძინა ივანიშვილმა არ გააკეთა მხოლოდ ბაჩიაშვილისთვის. ეს მან გააკეთა საჩვენებლი, სამაგალითო სასჯელი ყველასთვის საჩვენელად და ამ წუთის მდგომარეობით, ამ ყველას მნიშვნელოვანი კომპონენტია ღარიბაშვილი, რომელიც ეს შეიძლება დაემართოს ", - ამბობს თინა ხიდაშელი.