მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდა
მეტროს 41 მილიონის მითვისების საქმე - ირკვევა, რომ კომპანიას, რომელმაც გამოძიების ცნობით, ბიუჯეტის ფული მოპარა - თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი მეთავლყურეობდა.
დოკუმენტების თანახმად, გიორგი შარკოვი „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს და ამავდროულად დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი თანამდებობის პირია.
შარაკოვს კორუფციულ სკანდალზე ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელის გამოკითხვა დღეს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მოითხოვეს:
რა იცოდა საბჭომ როდესაც მეტროპოლიტენს დიდ ფულს წლების განმავლობაში ითვისებდნენ? - ამ კითხვით "პირველებემა" დღეს მალხაზ სალაყაიას მიმართა. ეს უკანასკნელი სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს წევრია.
არ ვარ საქმის კურსში. თავმჯდომარეს დაურეკეთ, მე ნუ მირეკავთ. მე არ ვაკონტროლებდი, - თქვა სატელეფონო საუბარში სალაყაიამ.
რაც შეეხება მესამე სექტორის წარმომადგენლების შეფასებას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მასშტაბის კორუფციული სქემების არსებობა გავლენიანი პირების მფარველობის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა კახა კალაძეს ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ, დედაქალაქის მერი პასუხისმგებელია მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვაზე.
როგორც წესი, კონკრეტულ სქემებს ჰყავს კონკრეტული მფარველი. ხანდახან ეს სუსშია, ხანდახან ეს მერიაშია, გააჩნია რომელ სამინისტროშია ეს, თუმცა ეს არის ნებადართული პარტიის მიერ და მეტიც, ხშირად ხდება ასე, რომ მოპარული თანხის ნაწილი შემდეგ ნაწილდება გარკვეულ ადამიანებში და გარკვეულ მფარველებში. ქალაქის მერმა იცოდა თუ არ იცოდა, ეს შეიძლება, მეორეხარისხოვანიც კი იყოს, რადგან ის არის პასუხისმგებელი ქალაქის ბიუჯეტის ხარჯვაზე. 41 მლნ ძალიან დიდი ფულია იმისთვის, რომ ვთქვათ, მან თქვას, რომ "მე არ ვიცოდი ჩემი პასუხისმგებლობა არ არის". გამოძიება რამდენად მივა კალაძემდე, ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად გადასაწყვეტია ბიძინა ივანიშვილის, რადგან სწორედ ის იყენებს კორუციულ გამოძებებს როგორც კონტროლის მექანიზმს, - ამბობს TI-ის წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი.
რა ვიცით 41 მილიონის მითვისების საქმეზე?
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს - პროკურატურამ "პირველების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია 16 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა.
- საქმე ეხება 2017–2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვისთვის გამოცხადებულ 27 ტენდერს. მათი საერთო ღირებულება 145,4 მილიონი ლარი იყო. გამოძიების ვერსიით, ამ თანხიდან ბრალდებულებმა 41,1 მილიონი ლარი მიითვისეს.
მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე დაკავებული არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და კომპანიების, „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.
როგორი იყო სქემა პროკურატურის მიხედვით?
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს კომპანია „საჩინო“, რომლის სახელითაც მეტროს ვაგონების ნაწილები საქართველოში ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტებით შემოჰქონდათ. გადაზიდვას კომპანია „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.
გამოძიება ამბობს, რომ „საჩინოდან“ იმპორტირებულ საქონელს ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ სამმაგ ფასად აწვდიდნენ.
ოთხივე პირს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება, ასევე ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება. პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალდებები 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი - 2 მილიონი ლარის გირაო. უწყება არ აკონკრეტებს, რომელ ბრალდებულს შეუფარდეს გირაო.
მსგავსი სიახლეები
„თბილისის მერიაში სისტემური კორუფციაა, რომელსაც ხელმძღვანელი პირები ხელს უწყობენ“ - საბა ბუაძე
მისი შეფასებით, დედაქალაქის მერიაში ანგარიშგებისა და ზედამხედველობის მექანიზმების მოშლამ შესაძლებელი გახადა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სერვისებიდან მილიონობით ლარი წლების განმავლობაში უკანონოდ მიეთვისებინათ.