სანქციები ივანიშვილის, მაღალჩინოსნების, მოსამართლეების, პროკურორების და სამართალდამცველების წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა
სანქციები ივანიშვილის, "ოცნების" მაღალჩინოსნების, მოსამართლეების, პროკურორების და სამართალდამცველების წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა 441 ხმით რეზოლუციის პროექტი პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ დაამტკიცა.
ხმათა უმრავლესობით რეზოლუციის პროექტში შევიდა ორი შესწორება, რომელიც ცალკე ჰქონდათ გატანილი ევროპელ კონსერვატორებს და რეფორმისტებს.
შესწორება ეხება მოსამართლეების, პროკურორების და სამართალდამცავების დასანქცირების მოთხოვნას:
- 1 შესწორება: მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს; მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ყველა პოლიტპატიმართან და უკანონოდ დაკავებულ პირთან ერთად, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, ასევე პატიმრობაში მყოფი ყველა მშვიდობიანი მომიტინგის; მოითხოვს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიეცეთ დაკავებულებთან დაუბრკოლებლად წვდომის უფლება; სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
- მეორე შესწორება: წუხილს გამოთქვამს ევროკავშირის გარკვეული წევრი სახელმწიფოების უუნარობის გამო, პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს; მოუწოდებს ევროკავშირს, ამ კუთხით კოორდინირებული რეაგირება შეინარჩუნოს; კვლავ მოუწოდებს მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ, მათ შორის აქტივების გაყინვისა და ევროკავშირში შესვლისა და გადაადგილების აკრძალვისკენ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე, ასევე ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე — განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ;
რეზოლუციის პროექტებში ასახულია ევროკავშირისადმი მოწოდებები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელი პირებისთვის მიზნობრივი ფინანსური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ.
დასანქცირების მოთხოვნა ეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, კახა კალაძეს, ყოფილ გენერალურ პროკურორსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, გიორგი გაბიტაშვილს, ასევე სხვა მაღალჩინოსნებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეულ საქმეებში მონაწილე მოსამართლეებს, პროკურორებსა და სამართალდამცველებს.
ერთ-ერთი პროექტის ავტორები 71 წლის საოპერო მომღერლისა და სამოქალაქო აქტივისტის, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ და ეჭვქვეშ აყენებენ სასამართლო პროცესის სამართლიანობასა და სასჯელის თანაზომიერებას.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ბურჭულაძის პატიმრობის პირობებზე, მათ შორის ხანგრძლივ იზოლაციაზე, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვასა და არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე.
პროექტის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს ბურჭულაძისთვის სათანადო სამედიცინო და იურიდიული დახმარება, ოჯახთან რეგულარული ურთიერთობისა და საკონსულოს წარმომადგენლებთან შეუფერხებელი შეხვედრის შესაძლებლობა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბურჭულაძე საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეა.