სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მის ბაზაზე კი 2 სამსახურის შექმნა იგეგმება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება და მის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება. უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, ინიცირებისთვის მზად არის. მას ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს განიხილავენ.
ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.
"მოქმედი აქტების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობას შემდეგი სამი მიმართულებით ახორციელებს: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი და გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიება", - განმარტებულია ინიციატივაში.
კანონპროექტის მიხედვით კი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.
გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურს გაეზრდება საგამოძიებო ქვემდებარობა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, მას "სისხლის სამართლის კოდექსის" სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი"- წერია ინფორმაციაში, რომელსაც ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.