ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5 და 4 წელი მიუსაჯეს - საგანგებო ბრიფინგი ენმ-ში
ოპოზიციის მხარდამჭერ 7 პირს მოსამართლემ წუხელ, გვიან ღამით, ფარულად პატიმრობა შეუფარდა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძიემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა
ოპოზიციის ინფორმაციით, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ელდარ ანთაძეს 5-5 წლით, ხოლო ერთი ოჯახის 4 წევრს - თორნიკე, თამაზ, გელა და ირაკლი ჭელიძეებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
წუხელ, არაფრის გამო, რეჟიმმა დაიჭირა და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 7 ადამიანს - ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ძმებს, ასევე ერთი ოჯახიდან - თორნიკე, თამაზ, გელა და ირაკლი ჭელიძეებს 4 წელი და და ელდარ ანთაძეს 5 წელი. ეს ადამიანები არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების ჩვეულებრივი მსხვერპლი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა რეჟიმმა, რომ მათ ჰქონდათ უთანხმოება დავით და თორნიკე რიჟვაძეებთან.გარდა ამისა, ისინი იყვნენ ოპოზიციის ძალიან აქტიური მხარდამჭერები, ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ეგუებოდნენ რეჟიმს აჭარაში, რეჟიმს საქართველოში და მხარს უჭერდნენ ოპოზიციას.
პატარა პროვოკაციის გამო ეს ადამიანები დღეს არიან ციხეში, მოწყდნენ ოჯახს 5 წლით და მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის გამო იხდიან დაუმსახურებლად სასჯელს.
მათ შესთავაზეს გასამრჯელო, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართულ ოცნებაზე“ ემუშავათ, რაზეც რიჟვაძეებს ძალიან მკაცრი უარი განუცხადეს. წუხელ კი, მოსამართლემ მთელი ღამის განხილვის შემდეგ, ჩუმად გამოიტანა განაჩენი“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, "რეჟიმი" ყველას მიაკითხავს:
რეჟიმი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ დააპატიმრებს ერთი ოჯახიდან 4 ადამიანს, დააპატიმრებს ფირუზ წულუკიძეს, დააპატიმრებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის წინააღმდეგ წავა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეჟიმი და პოლიტიკური მართლმსაჯულება ყველას მიაკითხავს. ზუსტად ამისთვის ჩემი მეგობრები არიან აქ უკვე მე-5 დღეა და შიმშილობენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძმები ჭელიძეები, ძმები წულუკიძეები, ანთიძე არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების პირდაპირი ობიექტები. ამიტომ მე და ჩემი მეგობრები ღიად, ძალიან გაბრაზებით ვამბობთ იმას, რომ სანამ მართლაც ძალა გვაქვს, სანამ თითოეული მოქალაქე არ დაიჯერებს, რომ რეჟიმი დაუნდობელია ყველა პატრიოტის წინააღმდეგ, მანამდე გავაპროტესტებთ, გამოვიყენებთ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს და ყველას დავანახებთ, რამდენად დაუნდობელია რეჟიმი"- თქვა მან.