ფეხმძიმე ცოლის მკვლელობა შვილის თანდასწრებით - პრობლემა იცოდა ყველამ, ვერ გადაარჩინა ვერავინ

25.12.21 20:14
ფეხმძიმე ცოლის მკვლელობა შვილის თანდასწრებით - პრობლემა იცოდა ყველამ, ვერ გადაარჩინა ვერავინ

ცოლის მკვლელობა შვილის თანდასწრებით - "ნოდარ მელაძის შაბათმა" თბილისში, ძველი ფოსტის შენობაში მომხდარი უმძიმესი ამბის ყველა დეტალი გაარკვია. 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის მიერ მოპოვებული ფაქტებითა და ინტერვიუებით დგინდება, რომ 22 წლის გოგა გზირიშვილი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოიხმარდა. 

მოკლული ქალის, ქეთა კეპულაძეს მეგობარი „შაბათის ეთერთან“ ყვება, რომ წყვილის კონფლიქტი სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო. 

მკვლელობამდე 2 კვირით ადრე სახლიდან იყო წასული, მინდა, გავშორდე, რადგან მედიკამენტებს იღებსო. ახლა ვხვდები, რომ ფოტოებშიც კი ძალით იცინის" - აცხადებს მოკლული ქალის მეგობარი ნინი ფხაკაძე. 

ფსიქიატრიული დაავადების სამკურნალო პრეპარატების ნარკოტიკული თრობის მიზნით გამოყენება, ადამიანის ჯანმრთელობას ელვისსისწრაფით ანგრევს. ვითარდება ჰალუცინაციები და აშლილობა. 

ფეხმძიმე ქალს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქმრის გვერდით ცხოვრება თვეების განმავლობაში უწევდა. მეგობრები არ მალავენ, რომ ქეთას პრობლემების შესახებ იცოდა ყველამ - ქმრის ნარკოდამოკიდებულებაზე ბოლო დროს ის უკვე ღიად საუბრობდა და გამოსავალს ეძებდა. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ ცოლ-ქმარს შორის ვითარება მკვლელობამდე ორი კვირით ადრე უკიდურესად დაიძაბა, ამიტომ 22 წლის ქეთამ თავი შვილთან ერთად დეიდას შეაფარა.

რამდენიმე დღიანი განშორების შემდეგ ქეთას მეუღლემ მიაკითხა და დაარწმუნა, რომ აბებს აღარ იღებდა, ამიტომ ფეხმძიმე ქალი ერთი წლის შვილთან ერთად, საცხოვრებლად ისევ ვარკეთილის ძველი ფოსტის შენობაში დაბრუნდა. თუმცა მეგობრის მონაყოლის თანახმად, მალევე აღმოაჩინა, რომ ქმარი ისევ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული. 

"აღარავინ აღარ უნდა, ძალიან აგრესიულია, როგორც ვიცი იმ დღეს უნდა წამოსულიყო სახლიდან"- აცხადებს "შაბათის ეთერთან"- ქეთას მეგობარი. 

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს რომ ფსიქოტროპული აბების გამო პრობლემები ჰქონდა, ამას არც დაკავებულის მამა უარყოფს. გოჩა გზირიშვილი "შაბათის ეთერთან" ყვება, რომ შვილი ფსიქიატრს ვიტალი კაშიასთან სამკურნალოდ ერთი თვის წინ მიიყვანა და ექიმმა დანიშნულებაც მისცა.

მამა არ გამორიცხავს, რომ საზარელი დანაშაულის მოტივი და პროვოცირება შესაძლოა, არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია.

"არ უთქვამს პროფესორს კლინიკაში დატოვე, თორემ დავტოვებდი. წამლებმა გამოიწვია ეს ყველაფერი. ფსიქიკურად იყო აშლილი"- აცხადებს გოჩა გზირიშვილი. 

ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა რძალთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა. ახლა ამტკიცებს, რომ მის შვილს უმძიმესი ფსიქოლოგიური პრობლემები და ჰალუცინაციები ჰქონდა, თუმცა არ პასუხობს კითხვას, რატომ არ მიმართეს პოლიციას. 

"წამლები დაუნიშნეს და სვამდა. თქვენ გამომძიებელი ხართ თუ ჟურნალისტი?!"- განაცხადა ბრალდებულის მამამ. 

რა მედიკამენტებს იღებდა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული, ამას ფსიქიატრი ვიტალი კაშია არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ცოლის ბრალდებულის მასთან კერძო ვიზიტზე ერთი თვის წინ მივიდა. 

ფსიქიატრი ირწმუნება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ის სტაციონარში მოთავსებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებდა.

ფსიხოზური ჩივილები ჰქონდა. კონკრეტულად ვერ გეტყვით. კომპლექსური მკურნალობა იყო დანიშნული, რამდენიმე მედიკამენტი დავუნიშნე. დავიბარე ერთი თვის შემდეგ"- აცხადებს ფსიქიატრი. 

ფეხმძიმე ცოლის მკვლობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი დანაშაულს აღიარებს, თუმცა ირწმუნება, რომ მას მეუღლე განზრახ არ მოუკლავს.

როგორ ან რის გამო მიაყენა საკუთარ ფეხმძიმე ცოლს 30 ჭრილობა, გოგა გზირიშვილმა ეს სასამართლო პროცესზე ვერ გაიხსენა.

მოკლული ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ გოგა გზირიშვილი ფსიქოტროპული მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული. 

ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გლდანის ციხეშია. 

მისია ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ის დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი არ იყო. ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. 

თუ დადასტურდა, რომ გოგა გზირიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, შესაძლოა მან წლები ციხის ნაცლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატაროს.

22 წლის ქეთას რამდენიმე დღეში სოფელ ოფშკვითში დაკრძალავენ. მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გისოსებს მიღმა მთელი ცხოვრების გატარება მოუწევს. 

ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ერთადერთ შვლის კი სავარაუდოდ, მათი ნათესავები გაზრდიან.

ნახეთ მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები