საჩუქარი სააკაშვილის საქმის მთავარი მოწმეს - ვის და რისთვის ჩუქნის კალაძე ხალხის ქონებას?
საჩუქარი მესამე პრეზიდენტის საქმის მთავარი მოწმეს - "ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, მერიამ ვალერი გელაშვილს 1 ლარად, საბურთალოს რაიონში, 4057 კვადრატული მეტრი მიწა გადასცა.
ირკვევა, რომ კალაძის ხელმოწერილი დოკუმენტი საკრებულომ ერთი კვირის წინ, 17 დეკემბერს განიხილა. ხელშეკრულებაში ხაზგასმით წერია, რომ გელაშვილის კუთვნილი "ლიტჯეოინვესტი" თბილისში დიდი დიღმის ტერიტორიაზე დეველოპერული საქმიანობის უფლებას იღებს.
1 ლარად მიღებულ მიწაზე, "ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა, 1960 კვადრატული მეტრი, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ თბილისელებს უნდა გადასცეს, დანარჩენ 10 ათას კვადრატული კი შეუძლია საკუთარი კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოს. ანუ გაყიდოს ბინები და შემოსავალი სრულად თავისთვის დაიტოვოს.
"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, რატომ აშოვნინა დამატებით მილიონები კალაძემ, მისსავე თანაგუნდელს და რაც მთავარია სააკაშვილის საქმის მთავარ მოწმეს?!
ამ ფორმულირებით დასმული შეკითხვა გელაშვილისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.
"ნუ ურევთ ერთმანეთში ჩემს ბიზნესს და მიშას. იმან დააშავა და უნდა მოიხადოს, თქვენ საგადასახადო ხართ თუ რატომითვლით ჩემს ფულს?" - უთხრა გელაშვილმა ტვ პირველის რეპორტიორს.
დიდი დიღომი ერთადერთი ლოკაცია არ არის, სადაც დეკემბერში გელაშვილმა, მერიისგან მიწა ლარად მიიღო. დეველოპერი სოლიდურ მოგებას, გლდანში, ასევე 1 ლარად მიღებული მიწიდანაც მიიღებს.
მეტი სიცხადისთვის, მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში, ინტერესი ნინო ჯინჯოლავას კუთვნილმა კომპანიამ გამოხატა. უკონკურენტო მარათონში გამარჯვების შემდეგ კი პროექტის განხორციელება ვალერი გელაშვილის ლიტჯეოინვესტს გადაულოცა.
ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ "არია ჯგუფი", მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მხოლოდ იმიტომ ჩაერთო, რომ პირველ ეტაპზე, ვალერი გელაშვილის სახელი არ გამოჩენილიყო.
"ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელი ჟურნალისტი, სკანდალურ სიუჟეტში ყვება როგორ გაიყიდა თბილისის საუკეთესო 12 ჰექტარი სატყეო ზონა 1 ლარად - კალაძის გადაწყვეტილებით, ნაფეტვრების მწანე ფერდზე ხეებს მოჭრიან და კორპუსებს ჩადგამენ.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა იმ პირის ვინაობაც, ვისაც თბილისის მერიამ ერთ ლარად 120 ათასი კვადრატული მწვნე ზონა კორპუსების ასაშენებლად მისცა.
"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, ყველაფერი 2020 წლის მარტში დაიწყო. საქართველოს მოქალაქე ვაჟა ჩოფიკაშვილმა კომპანია "გრინ ქეფითალი" დააფუძნა. 6 თვის დაფუძნებულმა შპს-მ მალევე, მერიის მიერ გამოცხადებულ, ინტერესთა გამოხატვაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებულის სტატუსიც მოიპოვა. ისე რომ კონკურენტი არ ჰყოლია.
ერთ ლარად მიცემული მიწის სანაცვლოდ, გამარჯვებულ დეველოპერს მერიამ, საბჭოთა ამხანაგობების დაუსრულებელი კორპუსების, 73 დაზარალებული მობინადრის დაკმაყოფილება და პარკის აშენება დაავალა.
ვინ არის ვაჟა ჩოფიკაშვილი? - კომპანია "გრინ ქეფითალის" დირექტორი, რომელსაც კახი კალაძემ 120 ათასი კვადატული მწვანე ზონა კორპუსების ასაშენებლად ერთ ლარად მისცა, დიდ დიღომში, 2 ოთახიან, 43 კვადრატულ ბინაში ცხოვრობს. ირკვევა, რომ ბინაც იპოთეკით დატვირთულია.
თავად ვაჟა ჩოფიკაშვილი "შაბათის ეთერს" მხოლოდ სატელეფონო ინტერვიუზე დათანხმდა. მისივე ნაამბობიდან კი გაირკვა, რომ "გრინ ქეფითალს", რომელმაც თბილისში ახალი უბანი უნდა ააშენოს და კოოპერატიული ბინამთმშენებლობის შედეგად დაზარალებული 73 ოჯახი დააკმაყოფილოს, არც ოფისი აქვს და არც თანამშრომლები ჰყავს.
შესაძლო კორუფციული გარიგებები და ერთ ლარად გადაცმული ქონებები - ვრცლად ნახეთ მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში.