სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან - ლონდა თოლორაიას საგანგებო ბრიფინგი

27.12.21 11:31
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან - ლონდა თოლორაიას საგანგებო ბრიფინგი

"კანონის მიღებით შენიღბული უკანონობა" - ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სამსახურის "დასჯას" უწოდებს. 

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული.

ლონდა თოლორაიას თქმით, ახალი კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია.

ასეთი მეთოდებით არ მომხდარა არცერთი სამსახურის გაუქმება, არცერთი სამსახურის გარდაქმნა, მით უფრო, დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და არჩევითი თანამდებობების ვადაზე ადრე გაუქმება. ამ სამსახურში მუშაობას 100-ზე მეტი პროფესიონალი და კვალიფიციური თანამშრომელი, ღირსეული თანამშრომელი. კანონის მიღებით შენიღბული უკანონობა და უსამართლობა არ შეიძლება გახდეს ამ ადამიანების სამსახურის გაუქმებისა და მათი სახლში გაშვების საფუძველი...

უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა, რომელზეც 2025 წლამდე იყო ლონდა თოლორაია არჩეული და სახელმწიფოს ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2021 წლის პირველი მარტიდან რჩება სამსახურის გარეშე.

ნაცვლად იმისა, რომ სამსახურის კვალიფიციური თანამშრომლები გადანაწილდნენ სახელმწიფო სამსახურის ბაზაზე შექმნილ ორ სხვადასხვა უწყებაში, როგორც ეს მოხდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს 2019-ში და როგორც ეს მოხდა  განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის დროს, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის , არამედ სრულიად ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. ანუ მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებელია ყველა თანამშრომელი"- განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, კანონპროექტის ინიცირების დრო "რატომღაც" იმ პერიოდს დაემთხვა, როცა თავად დეკრეტში იყო, დიპლომატიური უწყებები კი წინასაახალწლო პერიოდის გამო საქართველოში არ იმყოფება.

რატომღაც ჩაითვალა ეტყობა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას. თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინტერესებისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

მისი თქმით, ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის ეს არის სიგნალი იმისა, რომ ისინი უნდა იყვნენ  ჭკვიანად. ეს არის ასევე მესიჯი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის შესაძლებელია ისინი ასე ძალიან მარტივად შესაძლოა, დარჩნენ სამსახურის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ლონდა თოლორაია არასდროს არ ყოფილა და არ იქნება პროგრესული რეფორმის წინააღმდეგი, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის რეფორმა. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა თოლორაიამ. 

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება. 

"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზხადებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება.  უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, ინიცირებისთვის მზად არის. მას ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს განიხილავენ. 

ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. 

 

მსგავსი სიახლეები