ინსპექტორის სამსახურის გაუქმების რეალური მიზეზი სააკაშვილის საქმეზე გამოძიების შეჩერებაა - ბოკუჩავა
"ქართულ ოცნებას" რეალურად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იმიტომ, სურს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიება ისეთ პირს გადასცენ, ვინც სიმართლეს არასდროს დაადგენს - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ეს ნაბიჯი, რომელსაც რეფორმას და რესტრუქტურიზაციას არქმევს ივანიშვილის რეჟიმი, სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს აღნიშნული გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართლეს"- განაცხადა ბოკუჩავამ.
ოპოზიცია კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება.
"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზხადებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება. უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, ინიცირებისთვის მზად არის. მას ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს განიხილავენ.
ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.