ინსპექტორის აპარატის არასწორად ჩამოყალიბებაში “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ინტერესი იყო - კობახიძე

27.12.21 13:43
ინსპექტორის აპარატის არასწორად ჩამოყალიბებაში “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ინტერესი იყო - კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია.

ირაკლი კობახიძემ დღეს მედიას უთხრა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მის ხელმძღვანელს ლონდა თოლორაიას მას შემდეგ შეატყობინეს, რაც კანონპროექტი დაინიცირეს. 

თავის დროზე საყოველთაო რეკომენდაცია იყო, რომ ეს სამსახური ორ ნაწილად ჩამოყალიბებულიყო და გამიჯნულიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები. თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო ასე არ გაკეთდა, ასე არ მოხდა. ახლა არის დრო რომ ეს გატარდეს. ერთი სამსახურის ჩანაცვლება ორი სამსახურით. არავითარი ფუნქციები არ აკლდება, პირიქით, ემატება გამოძიების ნაწილში"- განაცხადა კობახიძემ. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იქვე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის  სამსახურის „სწორად ჩამოყალიბებას“ თავის დროზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ემხრობოდა, თუმცა დღეს არსებული ფორმით სამსახურის შექმნა „ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი“ იყო.

არაერთი კითხვის მიუხედავად კობახიძემ  არ დააკონკტრყა იყო თუ არა ეს პოლიტიკური ლიდერი გიორგი გახარია.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში. მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. ამას არ გავშლი. მაშინაც გუნდის უმრავლესობა ემხრობოდა რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ეს სამსახური. არ ვასახელებ არავითარ გვარს. ჩვენ არავითარი პრობლემა ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, აქ საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე“, - თქვა მან.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება. 

"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზხადებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება.  უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, ინიცირებისთვის მზად არის. მას ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს განიხილავენ. 

ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. 

მსგავსი სიახლეები