წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან, არის დისკრიმინაციული - ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმენაზე
სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება - ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.
ომბუდსმენის თქმით, გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას.
სახალხო დამცველმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ პროცესი გაუმჭირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე მიმდინარეობს:
უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. პროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ისტიტუტის საქმიანობაში ჩარევას"- აცხადებს ლომჯარია.
მისივე განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანს თუ დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ ტიპის შემთხვევასთან დღეს ნამდვილად არ გვაქვს საქმე", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება.
"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზხადებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება. უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, ინიცირებისთვის მზად არის. მას ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს განიხილავენ.
ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.