ბატონო მიშა, მოითხოვეთ თქვენი ადვოკატის შემოყვანა - ადვოკატს სააკაშვილთან არ უშვებენ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ნიკა გვარამიას მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა.
მისი თქმით, ის დღეს 10:00 საათზე მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებლად უნდა შესულიყო.
"მე აქ ვდგავარ და ველოდები შესვლას, 10 საათზე უნდა შევსულიყავი შეუფერხებლად... ბატონო მიშა, მოითხოვეთ თქვენი ადვოკატის შემოყვანა დაუყოვნებლივ", - თქვა გვარამიამ.
პატიმრობაში მყოფი პრეზოდენტის განცხადებით, გუშინ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ, რა დროსაც ის ცუდად გახდა.
"შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.
მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.
ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.
ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა", - წერს სააკაშვილი facebook-ზე.