მოტაცების მეორე მცდელობა იყო, იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტეს ივანიშვილმა და პუტინმა - ნიკა გვარამია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია, მიიჩნევს, რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაჩერება არ შეიძლება. მისი თქმით, სააკაშვილს ადგილზე წამების ტრავმას უახლებენ და არც რეაბილიტაცია უტარდება.
მაინტერესებს ზოგადად, ფორმა 100-თან დაკავშირებით რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რის საფუძველზე. ფაქტი ერთია, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ არაფრით აღარ განსხვავდება ეს ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან, ამიტომ სააკაშვილის აქ ყოფნა აღარ შეიძლება. არც რეაბილიტაცია უტარდება, მეტიც, მასთან როცა უნდათ, მაშინ შედიან და პრაქტიკულად უახლებენ წამების ტრავმას. მეორე მცდელობა იყო მოტაცების, იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა ვიღაცამ, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია და იმის ზევით კიდევ ვიღაცამ, ვისაც ვლადიმერ პუტინი ჰქვია. ჩვეულებრივი პოლიტიკურ ვაჭრობას იწყებენ, ან სააკაშვილის სიცოცხლე, ან გაჩუმება. პირდაპირ სალომე ზურაბიშვილის რეპუტაციასაც ურტყამს ის, რაც აქ ხდება. გულწრფელად გეტყვით, მე ველოდები ძალიან მკაფიო განცხადებებს, სახალხო დამცველისგანაც და სალომე ზურაბიშვილისგანაც, რომ რეაბილიტაცია აქ არის შეუძლებელი და საკაშვილი უნდა გაიყვანონ ან რეფერალურ კლინიკაში, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, - თქვა გვარამიამ.
"ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გატაცება და გლდანის ციხეში ფარულად გადაყვანა სცადა. ინციდენტი გუშინ გვიან ღამით მოხდა. პალატაში შესულ ბადრაგებს მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში რჩება.