მკურნალობა დასრულდა და იგი გაწერილი იყო საავადმყოფოდან - იუსტიციის მინისტრის განმარტება
მკურნალობა დასრულდა და იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან, - ასე განმარტავს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, გუშინ გორის ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც მიზნად მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხეში დაბრუნებას ისახავდა. რატი ბრეგაძის თქმით, ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადავადდა.
მკურნალობა ადასრულდა, იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან და ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში მაშინ, როდესაც დასრულებულია მკურნალობა და იგი გაწერილია შესაბამისი ჰოსპიტალიდან. მივიდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები და გააცნეს მას და შემდგომში იგი არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას, არ დაემორჩილა თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნებს და შემდგომში როგორც მოგახსენეთ, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და შესაბამისად, იქნა მიღებული გადაწყვეტილება ამ ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ, - თქვა მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, თუკი მესამე პრეზიდენტი შიმშლობას ხელახლა დაიწყებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ის სხვა პატიმრების მსგავსად კვლავ გლდანის N 18-ე სამკურნალო დაწესებულებაშ იქნება გადაყვანილი.
იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის N 18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს-ხოლმე ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში ისიც იქნება გადაყვანილი ამ N 18-ე დაწესებულებაში, როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა და ნათლად იხილა საზოგადოებამ, რომ მას მიეწოდა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და ეს არის სტანდარტი, ვრცელდება პენიტენიცურ სამსახურში ყველა პატიმართან მიმართებაში და ბუნებრივია, კანონის წინაშე გამონაკლისი არავინ არ არის, - განაცხადა ბრეგაძემ.
"ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გატაცება და გლდანის ციხეში ფარულად გადაყვანა სცადა. ინციდენტი გუშინ გვიან ღამით მოხდა. პალატაში შესულ ბადრაგებს მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში რჩება.