უწესო წესებით იბრძვით - ხმაური კომიტეტის სხდომაზე
შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე - კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
მმართველი პარტია დღეს ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის არსებობა საჭირო არ არის, თუმცა ვერ პასუხობს კითხვას, მაშინ რატომ შექმნა ეს უწყება "ქართულმა ოცნებამ" თავად მხოლოდ ორი წლის წინ. სხდომას ლონდა თოლორაიაც ესწრება.
ანა ნაცვლიშვილმა ბიუროს წევრებს სხდომის განმეორებით ჩატარების თხოვნით მიმართა, რომ "ლელოს" მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტების დარეგისტრირება შეძლოს.
„ადამიანის უფლებათა კომიტეტი უწესო წესებით იბრძვის“ - თქვა დეპუტატმა.
რატომ არ მოხვედით ბიუროს სხდომაზე? რატომ გაიქეცით ბრძოლის ველიდან? არ მეგონა, რომ ასე შეგაშინათ ამ ალტერნატიულმა კანონპროექტმა. მაინტერესებს გაქვთ თუ არა მორალური დიკომფორტი თქვენ, მიხეილ სარჯველაძესა და გურამ მაჭარაშვილს ის, რომ ასე არაპატიოსნად გინდათ ჩაჩეხოთ ალტერნატიული კანონპროექტი. შემდეგ ცვლილებას უნდა ველოდოთ, რომ რეგლამენტის 108-ე მუხლს ამოიღებთ? არ მოგწონთ?! გაქვთ თუ არა მორალური დისკომფორტი იმის გამო, რომ უწესო წესებით იბრძვით ადამიანის უფლებათა კომიტეტში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატი ასევე დაინტერესდა, რომელი „ერთი კაცის“ გამო მიიღეს გადაწყვეტილება 2 წლის წინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნებოდა და ვინ შეიყვანა მაშინ „შეცდომაში“ "ქართული ოცნება"?
იქნებ გვითხრათ, ვინ არის ის ერთი კაცი, რომლის ჭკუაზეც ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ცვლით?- მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს „ლელო - საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება გურამ მაჭარაშვილის პოზიციას, მმართველი პარტიის დეპუტატმა ნაცვლიშვილის საპასუხოდ თქვა,რომ "ის მორალურ დისკომფორტს განიცდის, როცა ოპოზიცია პარლამენტში თავის ფუნქციას არ ასრულებს".
"ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე"- მიმართა მაჭარაშვილმა ნაცვლიშვილს.