შტურმი მოსამართლეებზე - მოსამართლეთა ნაწილი ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს

28.12.21 17:39
შტურმი მოსამართლეებზე - მოსამართლეთა ნაწილი ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს

მოსამართლეთა ნაწილი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ღია წერილის ავტორების შეფასებით:  ცვლილებების მიღების შემთხვევაში მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება. მოსამართლეების თქმით,  სახელისუფლებო პარტიის კანონპროექტის მიხედვით, დასაშვები ხდება მოსამართლეთა დევნა კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო.

"27 დეკემბერს, მოსამართლეებმა მედია საშუალებებით შევიტყვეთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილებები, რომლითაც მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება. აღნიშნული ცვლილებებით მარტივდება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე მივლინება, დასაშვები ხდება მოსამართლეთა სანქცირების მიზნით მათი სხვა სასამართლოში გადაყვანა, დაქვეითება და ა. შ. მოსამართლეთა დევნა დასაშვები ხდება ასევე მოსამართლეთა მიერ გამოხატული კრიტიკული აზრის გამო, თუ მოსაზრება ვინმეს „გადაჭარბებულად“, „არაპროპორციულად“, ან პოლიტიკურად „არანეიტრალურად“ მოეჩვენა. აღნიშნული ცვლილებებით დაკანონება ხდება ყველა იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების, რაც მოსამართლეთა დევნის ეფექტიან და გამოცდილ მეთოდებად მიიჩნეოდა წლების განმავლობაში. რაც მთავარია, აღნიშნული ცვლილებებით ვბრუნდებით იმ დროში, როცა მოსამართლეებს დაცვის მექანიზმები არ ჰქონდათ და მივლინება „ურჩ“ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მეთოდად გამოიყენებოდა. დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელ მოსამართლეებზე დგას.

შესაბამისად, ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი მიზანი და დასაცავი სიკეთე თავისუფალი და დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელშეუხებლობაა. წარმოდგენილი ცვლილებებით დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტება, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებით ხელი შეეწყობა ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ინდივიდუალური მოსამართლეების ხელთ არსებული დაცვის ბერკეტების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას. მოსამართლის საქმეში ჩაურევლობა მარტოოდენ კონკრეტული საქმეების გადაწყვეტაზე ზემოქმედების დაუშვებლობას არ გულისხმობს. სამოსამართლო თვითმმართველობა, სამოსამართლო აქტივიზმი, მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით პოზიციების, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვაც სამოსამართლო საქმის ნაწილია. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის შესაძლებლობის მიცემა, არაგანჭვრეტადი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე, მოსამართლის მიერ გამოხატული აზრის მიზანშეწონილობა შეაფასოს, ხმათა მარტივი უმრავლესობით თავისუფალი სიტყვისთვის მოსამართლეები დისციპლინურად დევნოს, არანებაყოფლობით სხვა სასამართლოში მიავლინოს, არის იერიში ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ და თავისუფალ მოსამართლეებზე. საგულისხმოა, რომ არსებული ეთიკური წესები და დისციპლინური პროცედურები საკმარისად ეფექტიანად უზრუნველყოფს სასამართლოს ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას. ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, შესაძლებელია არსებობდეს, ან შემდგომში წარმოიშვას ისეთი გარემოებები, როდესაც მოსამართლის მიერ აზრის გამოხატვა, როგორც მოქალაქისა და საზოგადოების წევრის, არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა. თუ პარლამენტი მითითებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, აღნიშნული ცვლილებების მავნე ეფექტის თავის თავზე გადატანა ყველა მოსამართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საზოგადოების ყველა წევრს მოუწევს. შესაბამისად, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისაგან და მუშაობა გააძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლეებისათვის დამოუკიდებლობის უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი სასამართლოს შექმნა. სამწუხაროდ, ყველა მოსამართლესთან ტექნიკურად დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა, განცხადება ღიაა ხელმოსაწერად და გასაზიარებლად" - აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:

გასიტაშვილი ეკატერინე, დევიძე დევი, არეშიძე ეკა, დარბაიძე ლევანი, ებანოიძე გიორგი, კიკვაძე ციცინო, მესხიშვილი მანანა, მარტიაშვილი ზაზა, მესხიშვილი ქეთევან, მაისურაძე მადონა, სოხაშვილი - ნიკოლაიშვილი თეა, წიკლაური მამუკა, ხაჟომია თამარი, ბადრი ნიპარიშვილი.

მესამე სექტორში პირდაპირ ამბობენ, რომ "ოცნების" ახალი ინიციატივის მხედვით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეების დასჯა უმარტივდება.

საუბარია დისციპლინურ სახდელებზე - კანონპროექტის მიხედვით, გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ "აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა".

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს ლახავს და კონსტიტუციასა ეწინააღმდეგება.

 

მსგავსი სიახლეები